თავდაცვის სამინისტრომ ნატოს ძირითად ჯგუფს (NATO Core Team) უმასპინძლა. ნატოს დელეგაციის წევრებმა სამი დღის განმავლობაში პროდუქტიული კონსულტაციები გამართეს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან, გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან და პაკეტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან. მხარეებმა არსებითი პაკეტით გათვალისწინებული თითოეული პროექტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს, სამომავლო გეგმები განსაზღვრეს და აღნიშნულ პროცესებში მოკავშირეების ჩართულობის საკითხები განიხილეს. კონსულტაციების დროს თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა პაკეტის განხორციელების პროცესში და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა. ჯგუფი არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციტივების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. ჯგუფის წევრები აქტიურად ითანამშრომლებენ ქართულ მხარესთან და ინფორმაციას მიაწვდიან ნატოს საერთაშორისო სამსახურს.
თავდაცვის მინისტრმა ნატოელი სტუმრების ვიზიტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა: „საქართველოს, პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით გადავიდეთ განხორციელების ფაზაზე. ჩვენი მოთხოვნა იყო და, ბუნებრივია, არანაირი წინააღმდეგობა ჩვენი პარტნიორებისგან არ ყოფილა, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიდეს ეს ჯგუფი, დაფუძნდეს საქართველოში და მოქმედების ყოველდღიურ რეჟიმში გადავიდეთ. სავარაუდოდ, ზაფხულის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ პირველად სამუშაოებს და უკვე შემოდგომიდან, ჩვენი მოსახლეობაც, ყველა დაინტერესებული ადამიანი ნახავს დასაწყისს იმ მოძრაობის, რაც ნატოს უელსის სამიტზე მივიღეთ“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
ნატოს ძირითადი ჯგუფის ვიზიტი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ შეაფასეს.
პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა ნატოს დელეგაციის ვიზიტს წარმატებული უწოდა. მან აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ნატოელ პარტნიორებს არსებითი პაკეტის კონკრეტული პროექტების ხელმძღვანელები წარუდგინა და მათთან ადმინისტრაციული და ლოგისტიკური დეტალები განიხილა. „უახლოეს მომავალში ეს ჯგუფი ჩამოვა შემდეგი ვიზიტით და დაიწყება მჭიდრო მუშაობა ნატოსა და ჩვენს ჯგუფს შორის. ერთობლივი თანამშრომლობა მიზანმიმართულია არსებითი პაკეტის წარმატებით შესრულებისკენ“ - განაცხადა მან.
უილიამ ლაჰიუმ საქართველოსა და ნატოს შორის არსებითი პაკეტის განხორციელების ფარგლებში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს მხარდაჭერა. „ნატომ და საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით. ამ კვირაში საქართველოს ნატოს ძირითადი ჯგუფის მრჩევლები პირველად სტუმრობდნენ. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებითი პაკეტის განხორციელებაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ, რაც ხელს შეუწყობს შესაძლებლობების გაზრდას და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობას. ჯგუფში წარმოდგენილები იყვნენ ძირითადი ჯგუფის ახალი ხელმძღვანელი გერმანიიდან და მისი ერთ-ერთი მოადგილე რუმინეთიდან. ახლო მომავალში ჯგუფს შეუერთდება კიდევ ერთი მოადგილე ამერიკიდან. ჯგუფის მუშაობას მხარს დაუჭერენ ოფიცრები ნატოს სხვადახვა ქვეყნიდან, რომლებიც არსებითი პაკეტის სხვადასხვა ასპექტზე იმუშავებენ. ჯგუფის ჩამოსვლას ივნისში ველოდებით. ეს ვიზიტი იყო ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, განვიხილეთ მუდმივმოქმედი პერსონალის ჩამოსვლის პრაქტიკული საკითხები და არსებითი პაკეტის განხორციელების კონკრეტულ ნაბიჯებზე ვიმსჯელეთ.“
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) წარმომადგენლებთან, ასევე, შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებს.