საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ რაიმონდ ვეიონისს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.
რაიმონდ ვეიონისმა თინათინ ხიდაშელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ლატვიელმა კოლეგამ აღნიშნა, რომ ლატვიის რესპუბლიკა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
მინისტრებმა საუბრისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობა განიხილეს. თინათინ ხიდშელმა და რაიმონდ ვეიონისმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2015 წლის 18 მაისს მიღებულ დეკლარაციაზე, რითაც ასამბლეა მხარს უჭერს „ღია კარის“ პოლიტიკას. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით არსებულ პროგრესსა და მიღწევებზე. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ნატოს მნიშვნელოვანი და მტკიცე პარტნიორი და გამოხატა ლატვიის მხარდაჭერა ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.
საუბრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიელ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და წარმატებები უსურვა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.