თინათინ ხიდაშელი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, თავდაცვის მინისტრმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ლევენთ გურმუქჩუს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
თინათინ ხიდაშელმა თურქულ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ თურქეთი კვლავ გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებას, აღინიშნა თურქული მხარის წვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების განათლებაში.
შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯევდეთ იაშარი.