საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. დღეს, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენერალური შტაბის უფროსების დონეზე გამართულ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. საქართველომ, როგორც პარტნიორმა ქვეყანამ, პირველად მიიღო მონაწილეობა მსგავსი ტიპის 28+6 ფორმატის შეხვედრაში.
სხდომა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნა. გენერალმა პატრიკ დე რუზიემ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში შეტანილი წვლილისთვის. როგორც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მას საშუალება ჰქონდა ქართული ქვედანაყოფები პირადად მოენახულებინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. გენერალმა იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობასა და უახლოეს მომავლში დაგეგმილ კონტრიბუციაზე ისაუბრა.
პარტნიორობის სესიაზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებზე, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირის მისიების უკეთ ორგანიზებას, როგორიცაა ძალთა დაგეგმვა, უზრუნველყოფა და მხარდაჭერა.
ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.