ENG / RUS       12+

ზურაბ ადეიშვილი: არ არის საჭირო პოლიტიკოსები უყვარდეთ მთავარია რას დატოვებენ ისინი წასვლის შემდეგ

რესპოდენტის შესახებ

საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა უკრაინულ ,,გლავკომს” ინტერვიუ მისცა, სადაც პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, პირად ცხოვრებაზეც საუბრობს. ჟურნალისტის კითხვაზე - უყვარხართ, თუ არა საქართველოში? ყოფილი მინისტრი პასუხობს:

"მე არ შემიძლია გითხრათ, რომ მე საქართველოში ვუყვარვარ. არ არის საჭირო პოლიტიკოსები უყვარდეთ, მთავარია რას დატოვებენ ისინი წასვლის შემდეგ.  ჩვენი მთავარი მემკვიდრეობა რაც დავუტოვეთ საქართველოს არის ის, რომ დავტოვეთ არაკორუმპირებული და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, სადაც დღეს არის ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო სერვისები“-აცხადებს ადეიშვილი.

საქართველოში ძებნილი ყოფილი მინისტრი, თავისი ოჯახის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი ოჯახი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მან, საქართველოდან წასვლის შემდეგ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
„საქართველოში ბინა გავყიდე, რა თქმა უნდა ჩემი ოჯახის წევრები განიცდიან, სახლში რომ არ არიან. ჩვენზე და ჩვენს გამოცდილებაზე მოთხოვნაა სხვადასხვა ქვეყნებში, არა მხოლოდ უკრაინაში“, - აცხადებს ადეიშვილი.


იგი უკრაინაში მისი მუშაობის მოტივებზე საუბრობს, მისი შეფასებით უკრაინის გამარჯვება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


„ჩემი მოტივაცია მარტივია, თუ უკრაინა გახდება თანამედროვე დასავლური სახელმწიფო, საქართველოს ექნება ბნელი გვირაბიდან გასვლის შანსი. თუ უკრაინას არ გამოუვა, ჩვენ ერთად გავხდებით ევრაზიული კავშირის ნაწილი და საქართველო შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. უკრაინის გამარჯვება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ადეიშვილი


გაზეთის კორესპონდენტის კითხვაზე - რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა მის მიმართ ძებნა, ადეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისას მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს ინტერპოლთან, რის შემდეგაც ინტერპოლში მიიჩნიეს, რომ საქართველოს ახალი და ხელისუფლებაც ისეთივეა, როგორც წინა იყო.


„მართლაც, ხელისუფლება დემოკრატიულად გადავეცით არჩევნების გზით. თუმცა ახალმა ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური ოპონენტებისა და ყოფილი ხელისუფლების წევრების დევნის გზა აირჩია“ - აცხადებს ადეიშვილი და თავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთ პირველ მსხვერპლს უწოდებს, რომლის წინააღმდეგაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 

ადეიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი საქართველოში უკვე ორი წელია, დაუსწრებლად მიმდინარეობს და გადაწყვეტილება დღემდე არ გამოუტანიათ.

„ფორმალურად მადანაშაულებენ იმაში, რომ ვარღვევდი პატიმართა უფლებებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოს პენიტენციალური სისტემა არ შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი“ - აცხადებს ძებნილი ექსმინისტრი. 

ავტორი: . .