თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საფრანგეთის ელჩ რენო სალენსსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრას უმასპინძლა.
უწყების ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე დიპლომატებმა თინათინ ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე ოპერაციებში ქართველი ოფიცრების შესაძლო მივლინებას.
ხიდაშელმა დიპლომატებს მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში საფრანგეთის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. ყურადღება გამახვილდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის განვითარებისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.
ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრას მინისტრის ახლად დანიშნული პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრნენ.