თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით,
უწყებაში ძალიან ბევრი სამართლებრივი და კანონია მოსაწესრიგებელი, რადგან წლების განმავლობაში გამოიცემოდა ისეთი აქტები, რომლებიც ერთმანეთთან თავსებადი არ იყო.
როგორც მოადგილეების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა განაცხადა, მისი გუნდის ერთ-ერთი ამოცანა და მიზანი იქნება, სისტემის და კანონმდებლობის ბოლომდე გამართვა.
"ძალიან ბევრი რამ სამართლებრივად დასალაგებელი და ასაწყობია, თუმცა ეს არ არის სპეციფიური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის. წლების განმავლობაში ყველა მინისტრს რაღაც ტიპის ცვლილება შეჰქონდა ხოლმე, არა მხოლოდ "თავდაცვის შესახებ” და სხვა კანონში ისე, რომ ხშირად ყურადღების მიქცევა და ანგარიშის გაწევა არ ხდებოდა იმისთვის, რა ეწერა დანარჩენ კანონებში - მთავარი იყო იმ მომენტის კონკრეტული აუცილებლობა დაეკმაყოფილებინათ. ამან ბუნებრივია, ჩვენს კანონმდებლობაში წარმოშვა ბევრი პრობლემა. ბევრ შემთხვევაში კოლიზიურია კანონი, ბევრ შემთხვევაში ერთმანეთთან თავსებადობის პრობლემები აქვს სხვადასხვა სამართლებრივ აქტებს, რაც ამ სფეროს არეგულირებს. ამიტომ ერთ-ერთი ამოცანა და მიზანი იქნება ისიც, რომ დავალაგოთ ეს სისტემა და გავმართოთ თავიდან ბოლომდე მთელი კანონმდებლობა, დაწყებული მთავარი კანონიდან, რომელიც თავდაცვას ეხება და დასრულებული იმ აქტებით, რომელსაც მინისტრი გამოსცემს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მინისტრმა დღეს საკუთარი მოადგილეები წარადგინა. კერძოდ, მინისტრის პირველ მოადგილედ ფინანასთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე დაინიშნა. მოადგილეების პოსტი ასევე დაიკავეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძემ და იურისტმა ბესიკ ლოლაძემ. ამავე დროს, ბესიკ ლოლაძე თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.