თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ახლადდანიშნულმა მოადგილემ ანა დოლიძემ თავდაცვის თემატიკასთან საკუთარ შეხებაზე ისაუბრა და მინისტრს მისი დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა.
დოლიძის განცხადებით, თინა ხიდაშელმა მას საშუალება მისცა, ძალიან საპასუხიმგებლო თანამდებობაზე ემუშავა და საქართველოში დაბრუნებულიყო.
საკუთარი შეფასებისას მან აღნიშნა, რომ არის საერთშორისო სამართლის სპეციალისტი და აქვს სამეცნიერო თვალსაზრისით ნამუშევარი მსოფლიო საერთაშორისო თემებზე. მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და აქედან გამომდინარე, გარკვეული შეხება, როგორც მეცნიერს, თავდაცვის თემატიკასთანაც ჰქონია.
„მანამდე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფარგლებში ძალიან მჭიდრო და აქტიური მუშაობა მქონდა ამ სტრუქტურასთან. განსაკუთრებით, იმ სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც ჯარისკაცის უფლელბის დარღვევას ეხებოდა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
თავდაცვის მინისტრმა დღეს მინისტრის მოადგილეები წარადგინა. მინისტრის პირველ მოადგილედ ფინანასთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე დაინიშნა. მოადგილეების პოსტი ასევე, დაიკავეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ყოფილმა თავმჯდომარე ანა დოლიძემ და იურისტმა ბესიკ ლოლაძემ.
ხიდაშელის თქმით, ადამიანის უფლებების მიმართულებას დილიძე ჩაიბარებს.