საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველად იმედა დარსალია წარადგინა. მისი თქმით, უწყება შეეცდება სპეციფიკის გათვალისწინებით, იყოს მაქსიმალურად გახსნილი მედიისთვის.
,,ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს სამინისტრო მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე აბსოლუტურად ღია, გახსნილი და გამჭვირვალე იყოს მედიისთვის. ყველაფერი, რაც ამ სამინისტროში ხდება და ჩვენი საზოგადოების ინტერესში იქნება, თქვენ ყველაფერ ამაზე ხელი მიგიწვდებათ", - მიმართა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მედიასთან იქნება რეგულარული შეხვედრები. მინსიტრის ინფორმაციით, პირველი ასეთი დიდი შეხვედრა თვის ბოლოს გაიმართება, სადაც საუბარი იქნება მომავალ გეგმებზე.