საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ერთობლი სწავლებისთვის განკუთვნილი ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა და სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობა“ ქართველ და ამერიკელ ხელმძღვანელობას შეხვდა. გენერალ-მაიორმა სწავლებისთვის მზადების პროცესი შეაფასა და სამხედრო მოსამსახურეებისგან წვრთნის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
14 ერთეული ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და აღჭურვილობა ბათუმის პორტიდან ეშელონებით ვაზიანში გუშინ დილით ჩამოვიდა. მომზადდა წვრთნაში მონაწილე ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ2-ებიც.
„მაღალი დონის პარტნიორობაში“ სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული „ბრედლებითა“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა ქსმ2-ებით სხვადასხვა ტაქტიკურ ამოცანებსა და საბრძოლო სროლებს შეასრულებენ.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. წვრთნა საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.
სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. წვრთნაში აშშ-ის არმიის 220-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.