საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას გიორგობის დღესასწაული თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტელეხიდით ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ ჯარისკაცებსა და საქართველოში დისლოცირებულ ყველა სამხედრო ნაწილს მიმართა.
თინათინ ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა ქვეყნის წინაშე გაწეულის სამსახურისთვის გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი სახით ჯარისკაცებს ეყოლებათ მეგობარი, მათი უფლებებისა და ინტერესებისთვის მებრძოლი.
„მინდა, მადლობა გითხრათ იმ სამსახურისთვის, რომელსაც ეწევით ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა.
მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისთვის და იმისთვის, რომ ყველამ - ჩვენმა პარტნიორებმა, მეგობრებმა იცოდნენ, დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩვენ მუდმივად მშვიდობის დასამყარებლად ვიბრძოლებთ მათთან ერთად. ჩვენი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ, ისევე, როგორც ჩვენ ვართ მათ იმედად პრობლემის გაჩენის შემთხვევაში. თქვენი ყოველდღიურობა გაცილებით უფრო მძიმეა, მაგრამ ამის გამო გაცილებით საამაყო და მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანისთვის. იცოდეთ, რომ ვიქნები თქვენი მეგობარი, თქვენთვის მებრძოლი, თქვენი უფლებებისთვის, თქვენი ინტერესებისთვის... იმისთვის, რომ ყველა ქართველი ჯარისკაცი, სადაც არ უნდა იყოს ის - ქართულ თუ არაქართულ მიწაზე ქართული საქმის დასაცავად, არის ჩემთვის მთავარი და პრიორიტეტული. თქვენი ღირსეული პირობები ჩემთვის ყველაზე მთავარი“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრთან ერთად, მართვის ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილიც იმყოფებოდნენ.
ჩართვაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა ტელეხიდის საშუალებით შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასა და საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცეს. სამხედროებმა თინათინ ხიდაშელს საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება მედიის წარმომადგენლების ჯართან ურთიერთობის საკითხზეც გაამახვილა: „ქართული სახელმწიფოს ღირსება, პრესტიჟი, სიძლიერე თქვენზე გადის. განსაკუთრებთ იმ ქართველ ჯარისკაცებზე, რომლებიც ქვეყნის გარეთ იცავენ მსოფლიოს მშვიდობას. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ყოველი წამი და ყოველი წუთი, როდესაც თქვენ ემსახურებით ქვეყანას და მინდა, ქართულ მედიას მივმართო, რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი იმ ტიპის განცხადებისგან, ინფორმაციისგან, რომელიც ჩირქს სცხებს ჩვენს ჯარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება თავდაცვის სამინისტროსგან და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დაუშვათ მსგავსი ტიპის რაიმე განცხადება, რაიმე გამოსვლა, რაიმე სიუჟეტი ქართული ჯარის შეურაცხყოფის“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.