საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსს დევიდ კლარკსა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს შეხვდა. უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მას მინისტრის სპეციალური მრჩეველი სტივენ გლოვერიც დაესწრო.
"დიდ ბრიტანეთთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ისევე, როგორც ზოგადად, ქართულ სახელმწიფოს უკვე ძალიან ბევრი წელია ქმედითი, აქტიური თანამშრომლობა აქვს. თავდაცვის სფეროში ბრიტანელების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი ნატოს უელსის სამიტის პაკეტის განხორციელების ერთ-ერთ კომპონენტში ლიდერის პოზიციებზე არიან", - აღნიშნა შეხვედრაზე თინა ხიდაშელმა.
ბრიტანულმა მხარემ კი, თანამშრომლობის გაძლიერების და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში დახმარების სურვილი გამოხატა.
,მინისტრისგან მოვისმინეთ მისი პრიორიტეტები და საწყის ეტაპზე თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები დავსახეთ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას და ახალი იდეების რეალიზებას, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში დაეხმარება", - აღნიშნა ნიკ ვილკესმა.
თინათინ ხიდაშელმა ყურადღება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის, რესურსების მართვის, თავდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და შეიარაღებულ ძალებში კვების საკითხებს დაუთმო. მან, ასევე, აღნიშნა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამხედრო განათლების საკითხებში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრისას, მხარეებმა ბრიტანეთის მაღალი დონის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების შესახებაც ისაუბრეს.