ENG / RUS       12+

ხათუნა ლაგაზიძე: თინა ხიდაშელის მინისტრობამ ლარი უნდა გადაარჩინოს

რესპოდენტის შესახებ

გასულ კვირას სამთავრობო გუნდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გამოიკვეთა, რომ ,,რესპუბლიკელები” სამთავრობო გუნდში პოზიციებს მნიშვნელოვნად იმყარებენ. თუმცა, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ,,რესპუბლიკელის” დანიშვნას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიან საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები.

რას უკავშირდება ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა, როგორ შეიძლება განვითარდეს ახალი კონფიგურაციის პირობებში პოლიტიკური პროცესები? - ,,ჯი-ეიჩ-ენს” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.

_ ქალბატონო ხათუნა, როგორ შეაფასებთ გასულ კვირას სამთავრობო გუნდში განვიტარებულ მოვლენებს, პრემიერი როგორც ჩანს დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტი მის მიერ წარდგენილ მთავრობას მხარს დაუჭერდა, თუმცა მარგველაშვილმა საკუთარი უარით ქუთაისში მიმავალი მმართველი გუნდის წევრები რიკოთიდან მოაბრუნა?

_ თავდაპირველად რაც მოვისმინე, პრეზიდენტი თითქოს პირდაპირი კომუნიკაციის შედეგად ჩააყენეს საქმის კურსში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა გარდა მოკლე ტექსტური შეტყობინებისა. ამიტომ, წინააღმდეგობრივი განცხადებების გამო შეფასების გაკეთება გამიჭირდება. ერთ შემთხვევაში კომენტარი სხვაა, მეორე შემთხვევაში სხვა. პრეზიდენტი თუ მესიჯების დონეზე იყო ინფორმირებული, მაშინ მისი რეაქცია სწორია, მაგრამ თუ წინასწარ ჩააყენეს შეხვედრებისას საქმის კურში, მაშინ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის გადადება არ ღირდა.

_თქვენი აზრით, რამ განაპირობა ყველასათვის მოულოდნელი სამათავრობო ცვლილება? - კერძოდ, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი გახდა..

_ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ხიდაშელი ღარიბაშვილის კანდიდატურა აშკარად არ ყოფილა. აქ მხოლოდ ერთ ძალაზე ვერ ვისაუბრებ: აქ მოხდა დასავლეთის ინტერესების და „რესპუბლიკური პარტიის“, როგორც კოალიციაში დარჩენილი ერთადერთი პროდასავლური ძალის სურვილების და საპარლამენტო გავლენების თანხვედრა.

 

_ როგორ შეიძლება აისახოს მომავალ პოლიტიკურ მოვლენებზე დღეისთვის შექმნილი ახალი კონფიგურაცია და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნებზე?

_ არჩევნებამდე ჯერ დიდი დროა. თუმცა, ძალიან დაძაბულია პოლიტიკური ვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. უნდა ითქვას, რომ ,,რესპუბლიკელებს” ასეთი ხელსაყრელი პერიოდი როგორც ახლა აქვთ, არასდროს ჰქონიათ. არჩევნებამდე დარჩენილი წელიწადნახევრის განმავლობაში ,,რესპუბლიკელები” მაქსიმუმს ეცდებიან არჩენებზე თუნდაც დამოუკიდებლად შეძლონ სარჩევნო ბარიერის გადალახვა, რაც აქამდე მათთვის ძნელი იყო. თუმცა, მთავარი ფაქტორი, რის გამოც თინა ხიდაშელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იყო, ეს არის დასავლეთისკენ გადადგმული, პარტნიორობის დამადასტურებელი ნაბიჯი. სწორედ ამიტომ, ხიდაშელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დასავლეთთან ერთგვარად ვაჭრობის თემაც შეიძლება გახდეს ლარის კურსის გადასარჩენად. თუ აქამდე დასავლეთს არ უღირდა საქართველოს ახალ ხელისუფლებას ფინანსურად დახმარებოდა, ახლა უკვე შესაძლებელია ჩვენც ვთხოვოთ დასავლეთს საპასუხო პარტნიორული ნაბიჯი

-ლარის გადარჩენის საკითხი როგორ უკავშირდება თინა ხიდაშელის დანიშვნას?

- მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დასავლეთმა გამოუყოს ლარისთვის, ასე ვთქვათ, საჭირო ყავარჯენი ფინანსური დახმარების სახით. ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ლარის გადარჩენა დაუკავშირდეს სწორედ დასავლეთის სახელს. მხოლოდ ასე შევძლებთ საზოგადოებაში პროდასავლური განწყობების რეაბილიტაციას.

 

,,ჯი-ეიჩ-ენიესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

 

ავტორი: . .