საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გაიარა ისეთი სკოლა და აქვს ისეთი მორალური მდგრადობა, რომ ნებისმიერ მომხდურს დააფიქრებს, რამდენად ღირს საქართველოს ინტერესების შელახვა. ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებული ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
,,ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმართულებით, მაგრამ თითოეული ჯარისკაცი ემსახურებოდა და ემსახურება მთავარს – ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, ვინც დაეცა ბრძოლის ველზე, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, მაგრამ ქედს ვიხრი ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც საქართველოს ძლიერებასა და დამოუკიდებლობას წლები შესწირეს. გპირდებით, მუდმივად ვიქნები თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად მუდმივად გავაძლიერებ საქართველოს თავდაცვისნურიანობას და იმ მტკიცე იმედს, რომელიც იცავს საქართველოს მომავალს. დღევანდელ დღეს გილოცავთ ყველას", - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა სამხედროებს.
მისივე თქმით, მიუხედავად განვლილი მძიმე პერიოდისა, ქართული შეიარაღებული ძალები დღეს მთელს მსოფლიოშია აღიარებული.