ბიზნესმენი ისა იამადაევი თავისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში პირადად ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ადანაშაულებს. ამას გარდა, ისა იამადაევი კადიროვს ასევე ბრალს სდებს მისი ძმების _ ჩეჩნური ბატალიონ "ვოსტოკის" მეთაურის სულიმ იამადაევის და დუმის დეპუტატის რუსლან იამადაევის მკვლელობაში.
ღია წერილს, რომელშიც ისა იამადაევის ბრალდებები თავმოყრილი გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი" აქვეყნებს. თავისი სიტყვების დასტურად ისა იამადაევს არშემდგარი კილერის დაკითხვიდან ვიდეოფირი მოჰყავს, სადაც კილერი თავისი ქმედების (იამადაევზე თავდასხმის) შემკვეთად სწორედ რამზან კადიროვს ასახელებს.
"ვთხოვ რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორს განიხილოს ეს მიმართვა როგორც ჩემი განცხადება და შეამოწმოს ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვისა და დუმის დეპუტატის ადამ დელიმხანოვის თანამონაწილეობა რუსლან იამადაევის და სულიმ იამადაევის მკვლელობისა და ისა იამადაევის და სერგეი კიზიუნის მკვლელობის მცდელობის საქმეში", _ ნათქვამია ღია წერილში.
მასში ისა იამადაევს ბრალდებული ხავაჟ იუსუპოვის (თავისი დაცვის ყოფილი წევრი) დაკითხვიდან ნაწყვეტი მოჰყავს, რომელმაც 2009 წლის ივლისში თავის მაშინდელ უფროს ისა იამადაევზე თავდასხმა განახორციელა. დაკითხვის ამ ეპიზოდში იუსუპოვი ყვება თუ ვინ და როგორ ახდენდა მის გადაბირებას ამ დავალების შესასრულებლად.
მისი თქმით, თავდასხმის ორგანიზატორი ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვია, რომელსაც იუსოპოვი პირადად შეხვდა. მისივე განვცხადებით, რამზან კადიროვმა მასთან პირადი საუბრის დროს აღიარა, რომ სულიმ და რუსლან იამადაევები მისი პირადი ბრძანებით მოკლეს, ხოლო მათი (იამადაევების. რედ.) ოჯახების განადგურებას იგი მომავალშიც გააგრძელებს.
იუსუპოვის განცხადებით, ამის შემდეგ კადიროვმა მას უთხრა: თუკი მას "მშვიდად ცხოვრება" უნდოდა მას ისა იამადაევი უნდა მოეკლა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იუსუპოვს მთელი ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრა.
"მოვიყვანთ აქ ყველა ქალსა და ბავშვს, მოგიყვანთ შენ და აქვე შენთან მოვკლავთ, მერე შენ მოგკლავთ. მე შენ გეუბნები მიდი, გააკეთე ეს. შენ ხომ გინდა სიცოცხლე", _ მოახდინა კადიროვის სიტყვების ციტირება იუსუპოვმა. ამასთან ერთად, ამ ამოცანის შესრულებისათვის კადიროვი იუსუპოვს მილიონ აშშ დოლარს დაპირდა.
იუსუპოვის თქმით, მასა და კადიროვს შორის შუამავლის ფუნქციას კადიროვის თანაშემწე შაა ტურლაევი ასრულებდა. ტურლაევზე კი ამჟამად ფედერალური ძებნაა გამოცხადებული. სწორედ მან მიიყვანა შემსრულებელი შემკვეთთან, ხოლო შემდეგ უკვე მოსკოვში მას ამანათი (იარაღით. რედ. )გადასცა, რომლითაც იუსუპოვი ეცადა კიდეც იამადაევის მკვლელობას.
თუმცა ისა იამადაევის მოკვლა მან "ვერ შეძლო". "არ გამომივიდა, ისამ იარაღი წამართვა და შემდეგ ხელბორკილი დამადეს", _ აცხადებს იუსუპოვი.
აღსანიშნავია, რომ ყოველივეს მიუხედავად, ისა იამადაევი აცხადებს, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა არაფერი იცოდა იუსუპოვის ამ ჩვენებების შესახებ, მაშინ როდესაც კადიროვისათვის გენერლის მინიჭების ბრძანებას აწერდა ხელს.
იამადაევი კილერის კანონის ძალით დასჯას აპირებს. "დაე, იყოს ეს კარგი გაკვეთილი მათთვის, ვისაც კავკასიაში რუსეთის პრეზიდენტისა და კანონის ძალის სჯერა", _ აცხადებს ისა იამადაევი.
მასალის გამოყენების პირობები