საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროში საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში, მინდია ჯანელიძემ მირჩეა დუშას საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.
მინდია ჯანელიძემ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების ეფექტური განხორციელება დაასახელა და კოლეგას ნატოს ძირითად ჯგუფში რუმინელი წარმომადგენლის ჩართვის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მინდია ჯანელიძემ და მირჩეა დუშამ თავდაცვის სფეროში საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალში ურთიერთობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. მირჩეა დუშამ დადებითად შეაფასა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს. მინდია ჯანელიძემ რუმინეთთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას როგორც ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით, ასევე, ორმხრივ ფორმატში. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რუმინეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და სერიოზული მხარდამჭერია. რუმინეთი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებითაც. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს რუმინელ კოლეგებთან ურთიერთობა, გაცვლითი ვიზიტები, რათა ვიპოვოთ ახალი მიმართულებები, ახალი სფეროები, სადაც ქართველი და რუმინელი სამხედროები, თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას განახორციელებენ. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ თანამშრომლობას ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში. ჩვენ უკვე დასახული გვაქვს კონკრეტული მიმართულებები, გეგმები. ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ამ სფეროებში ძალიან ნაყოფიერი იქნება“.
„რუმინეთი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია. რუმინეთის საელჩომ თბილისში ნატოს საკონტაქტო საელჩოს მანდატი უკვე მეორედ მიიღო. ნატოს ძირითადი ჯგუფი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის ძალიან მალე დაიწყებს მაქსიმალურ მუშაობას. რუმინეთის წარმომადგენელი ამ ჯგუფში გუნდის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, ყოველთვის იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. რუმინეთი გახლავთ ის სახელმწიფო, რომელიც საგარეო საქმეთა ან თავდაცვის მინისტრების შეხვედრების დონეზე, რეგულარულად აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში; იგივე ეხება მოლდოვასა და უკრაინას. ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხზე ბატონ მინისტრთან ვისაუბრეთ. მოლაპარაკებებზე ხაზი გაესვა საქართველოს თანამშრომლობას ევროკავშირთან, საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას ავღანეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში. აქცენტი გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში იმ მნიშვნელობაზე, რომელიც რიგის სამიტს ენიჭება. ასევე, განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მიმართულება.
საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის აქტიურად იღებს მონაწილეობას ნატოს წვრთნებში. ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებს - ურთიერთობას სპეციალური ოპერაციების დანიშნულების ძალებს შორის, ასევე თანამშრომლობას სადაზვერვო საქმიანობის შესახებ. უკრაინის კრიზისის ფონზე, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი სიტუაცია განვიხილეთ. ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა შავი ზღვის აუზის რეგიონში. დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სწორი გზით მიდის წინ. ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ და ბიძგი მივცეთ ყევლა იმ ძალისხმევას, რომელსაც ქართული მხარე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ახორციელებს. რუმინეთი კვლავ იქნება პაკეტის იმპლემენტაციის ერთ-ერთი ურყევი მხარდამჭერი“ - განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა მირჩეა დუშამ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.