საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მირჩეა დუშა დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუმინეთის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი დახვდა და სტუმრებს წარმატებული ვიზიტი უსურვა. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე, საქართველოს ელჩი რუმინეთში ილია გიორგაძე, მისი რუმინელი კოლეგა დუმიტრუ ბადეა და რუმინეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ნიკუ სეკარა.
რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ხვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე რუმინელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში მიიღებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.
რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 6 აპრილს დასრულდება.