საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს რენო სალენსსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრას უმასპინძლა. გეგმიურ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი დაესწრო.
მხარეებმა დღის წესრიგში არსებული, მიმდინარე საკითხები და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მინდია ჯანელიძემ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში, საფრანგეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.
ფრანგ დიპლომატთან საუბრის ერთ-ერთი თემა, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა რენო სალენსმა გააკეთა: „გასულ წელს დაიწყო გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ტერმინზე „განხილვები“, რადგან ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა - არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება და არაფერი მსგავსი. ერთადერთი რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ ის განხილვები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება“.