თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადაში სამხედროების მასობრივ ინტოქსიკაციის ფაქტს.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” უწყებიდან აცნობეს 2 აპრილს, საველე სწავლების შემდეგ, სამმა სამხედრო მოსამსახურემ, მიმართა ლაზარეთს, სადაც დადგინდა, რომ მათ მცირედი პრობლემა ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული გასტრიტი და დიზბაქტერიოზი) ფონზე შეექმნათ.
სამხედრო მოსამსახურეებს აღმოუჩინეს ერთჯერადი სამედიცინო დახმარება. ისინი იმ საღამოსვე დაუბრუნდნენ ქვედანაყოფს და გააგრძელეს დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
თავდაცვის სამინისტრომ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა წერილით, რათა ლაბორატორიულად შემოწმდეს საკვები და სასმელი წყალი.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრო მსგავს ლაბორატორიულ შემოწმებებს პერიოდულად ახორციელებს შერჩევითი მეთოდით.