სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რიგით მეორე შეხვედრა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვით დაიწყეს. აღინიშნა, რომ სამმხრივი თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ იქნება მიმართული.
მინისტერიალის ფარგლებში, მინდია ჯანელიძემ, იშმეთ ილმაზმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხს დაეთმო. მინდია ჯანელიძემ კოლეგებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროებით დაკომპლექტებული ზაფხულის სამთო მომზადების კურსის ჩატარებაც შესთავაზა.
მეზობელი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა მომავალში უფრო გაღრმავდება. მინდია ჯანელიძის განცხადებით, თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ისახავს მიზნად და არცერთი მხარის წინააღმდეგ არ არის მიმართული. „ჩვენი მიმდინარე წლის თანამშრომლობის გრაფიკი ძალიან საინტერესო ღონისძიებებითაა დატვირთული. ეს შეეხება სამხედრო განათლების სფეროს, ერთობლივ წვრთნებს, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ცალმხრივ მიმართულებებს, რომელიც ძალიან დინამიკურად ვითარდება. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებისკენ, ჩვენი თანამშრომლობა არავის, არცერთი მხარის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ეს მიმართულია მხოლოდ რეგიონში სტაბილურობისკენ, მშვიდობისკენ და ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებისკენ. რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნები თანმიმდევრულად, დინამიკურად განვითარდნენ, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის დონემ სასურველ ზღვარს მიაღწიოს. მინდა კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადავუხადო და იმედი გამოვთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში გაღრმავდება და კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იშმეთ ილმაზმა ყურადღება თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა: „საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვნად წაადგება სამმხრივ ურთიერთობებს. შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, განვიხილეთ სამივე ქვეყნის ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, მოგვეცა კარგი საშუალება, რომ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე გაგვეკეთებინა ჩვენი შეფასება. მშვიდობიანი მომავლისათვის საჭიროა, რომ სამივე ქვეყანამ ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით განვავითაროთ ეს თანამშრომლობა და სამმხრივი ურთიერთობები. სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შევთანხმდით, რომ სამმხრივი შეხვედრების ფორმატი კარგი მექანიზმია სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობის, მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებისათვის. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გაგრძელდეს თავდაცვის სფეროში შეთანხმების მემორანდუმზე მუშაობა. ამ მემორანდუმის ხელმოწერით სამივე ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს თანამშრომლობის გზით. სამივე ქვეყანა მოწადინებულია, რომ რეგიონში იყოს კეთილდღეობა, მშვიდობა და სტაბილურობა, რაც მისაღწევი იქნება მჭიდრო თანამშრომლობით. მჯერა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობა განვითარდება ყველა შესაძლებელ სფეროში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. შემდეგი შეხვედრა შემოდგომაზე თურქეთში გაიმართება “.
გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისათვის. „შეხვედრაზე სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. შეიარაღებული ძალების განვითარებასა და მოქმედებასთან დაკავშირებით საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, სამივე ქვეყნის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულს ხელს შეუწყობს ერთობლივი წვრთნები, განათლების კერების ჩამოყალიბება და გამოცდილების გაზიარება“ - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძემ თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.