საქართველოს თავდაცვის მინისტრი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სამმხრივ მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტერიალის ფარგლებში, მინდია ჯანელიძემ თურქ კოლეგასთან იშმეთ ილმაზთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებას. ყურადღება გამახვილდა თურქული მხარის წვლილზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების განათლების საქმეში, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო და საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარებაში გაწეულ დახმარებაზე. კოლეგებმა სამხედრო თანამშრომლობის ისეთი მიმართულებებიც მიმოიხილეს, როგორიცაა ლოგისტიკის სფერო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორცილების საკითხები.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო. იშმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მინდია ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.