სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მთავარი თემა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ეროვნულ დონეზე განხორციელება იყო.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციის საკითხზე გაამახვილა. მისი თქმით, თავდაცვის უწყება ახორციელებს და სამომავლოდ კიდევ უფრო გააფართოვებს გენდერული თანასწორობის პრინციპების, ძალადობისა და დისკრიმინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიას. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2015-2016 წლებში გენდერული თანასწორობის და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დაცვის შემდგომი განმტკიცების მიზნით, მრავალმხრივი მონიტორინგის წარმოება იგეგმება. მან გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებო ღონისძიებების გაფართოებისა და გენდერული მრჩევლის საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციის უზრუნველყოფის შესახებაც ისაუბრა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საგანგებო სტუმარმა, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ელჩმა მარიეტ შურმანმაც მიმართა. მან დამსწრე საზოგადოებასთან გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით ნატოს პოლიტიკაზე ისაუბრა.
ერთდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვაში მიღწეული პროგრესი, დაგეგმილი ღონისძიებები და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხები განიხილეს.
ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა. კონფერენციაში მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც მიიღეს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან თავდაცვის სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მიერ ფინანსდება. კონფერენციას, ასევე მხარს უჭერს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი.