საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე პარლამენტში მისვლას და ანგარიშის წარდგენას გეგმავს.
მისი განცხადებით, ის საკანონმდებლო ორგანოში იმიტომ მიდის, რომ როგორც თავდაცვის მინისტრი ანგარიშვალდებულია კანონის წინაშე და არა იმიტომ, რომ ამას ,,თავისუფალი დემოკრატები” ითხოვენ.
“მე ვგეგმავ პარლამენტში მისვლას არა იმიტომ, რომ “თავისუფალი დემოკრატები” ითხოვენ, არამედ იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება, ანგარიშვალდებულია პარლამენტის მიმართ. როგორც მინისტრს, მიმაჩნია, რომ პერიოდულად უნდა ხდებოდეს პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგება”, – განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრს პარლამენტში მისვლის ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
ჯანელიძე ვარაუდობს, რომ პარლამენტში საუბრის ფორმატი უფრო კომიტეტის წინაშე გამოსვლა იქნება.