ENG / RUS       12+

დევნილი, სოციალურად დაუცველი, 12-ჯერ ნაოპერაციევი ლუკას დედა თვითმკვლელობით იმუქრება

 "სამინისტრო 100%-იან გარანტიას მაძლევდა, რომ ბინას მივიღებდი, მაგრამ ისევ ქუჩაში დაგვტოვეს"

დიაგნოზი - ჰიდროცეფალია, 12-ჯერ ნაოპერაციევი, თავზე შუნტურებული, შუნტირების აპარატზე მიჯაჭვული, რომელიც "მაწანწალა ცხოვრებისა" და არანორმალური პირობების გამო ხშირად ფუჭდება... ოპერაცია ოპერაციას მოსდევს. სახლი - არა; ჰიგიენა - არა; სრულყოფილი მკურნალიბა - არა; რეაბილიტაცია - არა; სრულყოფილი კვება - არა; მედიკამენტები - ხან აქვს, ხანაც - არა. ეს 3 წლის და 6 თვის ლუკა მაღლაკელიძის ამჟამინდელი მდგომარეობაა. პირველი ოპერაცია დაბადებიდან 1 საათში დასჭირდა. მას შემდეგ ოპერაციას წელიწადში რამდენჯერმე უკეთებენ.

 

------------------------------------------

"ინვალიდი ბავშვის დედა ისევ ქუჩაში დამტოვეს. დაავადებას ვერ ვუმკლავდებით... "

-------------------------------------------

"თემქაზე ბინების დარიგება დაიწყეთ და მე არ დამირეკეთ ხოო? თქვენ არ იცით ამით რამხელა დარტყმა მომაყენეთ. ხვალიდან შიმშილობას დავიწყებ სამინისტროს წინ, ჩემი ავადმყოფი შვილით... სიცხიანი ბავშვით დავჯდები სამინისტროს წინ... თავს მოვიკლავ ბავშვებთან ერთად... რა საქციელია ეს... ისეთი გაღიზიანებული ვარ, სიკვდილის მეტი არაფერი მინდა... მთელი საქართველო გაიგებს ჩემს ამბავს, ჩემი ინვალიდი შვილით დავიწვამ თავს სამინისტროს წინ. თქვენ კარგი ლაპარაკი არ გიხდებათ თურმე. თქვენს ქებაში ამომხდა სული და თქვენ რა გამიკეთეთ. დღევანდელი დღე გადამატანინოს ღმერთმა და ხვალ მე ვიცი რასაც ვიზამ...მეგონა, ადამიანები მოვიდნენ სათავეში და გვეშველა, თქვენ კიდე ვინ ყოფილხართ.." ეს წერილი 3 წლის და 6 თვის ლუკას დედას, 24 წლის ინეზა გიგანს ეკუთვნის, რომელიც მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუგზავნა. ამ წერილმა სოციალური ქსელით არაერთი ადრესატი მოიარა. ქალბატონი ინეზა აფხაზეთიდან დევნლია. სოციალურად დაუცველიც.

წერილის ერთ-ერთი ადრესატი მეც გავხდი, როგორც სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. მის გამოგზავნილ წერილს ვუპასუხე. გაუკვირდა, რომ ადამიანური გამოხმაურება მიიღო. დიალოგში შემოვიდა. მართალი გითხრათ, "ისეთი" არაფერი მიმიწერია, უბრალოდ, შევედი მის მდგომარეობაში. "არ ველოდი, რომ ვინმე გამომეხმაურებოდა-ო". მადლობები იხადა... შევხვდეთ-ო და შევხვდით კიდეც.

ინეზა გიგანი: "დევნილობასთან ერთად, სოციალურად დაუცველის სტატუცის მაქვს.   უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ... წლებია, მოთმინებით ველოდებით, რომ ჩვენი დროც დადგება და მოგვხედავდნენ. დევნილებისთვის თემქაზე ბინების განაწილება სანამ მოხდებოდა, მივედი, სპეციალური ანკეტა შევავსე. დევნილთა სამინისტროში შეხვედრებიც მქონდა. მინისტრის მოადგილესაც შევხვდი, დეპარტამენტის უფროსსაც. ჩემი მდგომარეობის შესახებ ყველამ იცოდა. 100 პროცენტიან გარანტიას მაძლევდნენ, რომ ბინის მიმღებთა სიაში პირველი ვიქნებოდი".

"ჟურნალისტი": ქალბატონო ინეზა, ძალიან მძიმე მდგომარეობა გაქვთ, გასაგებია, თუმცა სამინისტრო ბინის მიღების გარანტიას ვერ მოგცემდათ, რადგან ბინის განაწილება იმ ქულებზეა დამოკიდებული, რომელსაც დევნილი ანკეტაში დაფიქსირებული, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე დააგროვებს...

ი.გ. დამპირდნენ, მინისტრის მოადგილე დამპირდა, თქვენ ისეთი მდგომარეობა გაქვთ, ბინის განაწილება რომ მოხდება, სიაში პირველი იქნებითო. მას პირადად შევხვდი და მინისტრისთვის წერილიც კი დავუტოვე, აუცილებლად გადავცემო. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი. ასე წანწალ-წანწალში 4 თვის მუცელიც მომეშალა. სასწაულად ველოდებოდი ბინის განაწილებას. დღეებს ვითვლიდი, ვგეგმავდი ბავშვის ოთახი როგორი უნდა ყოფილიყო, მისი გამოჯანმრთელების იმედი მომეცა, ვფიქრობდი, ნორმალურ გარემოში მეყოლება, ჰიგიენასაც დავიცავ, კარგად მივხედავ და ჩვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ წავა-მეთქი. მაგრამ, სამინისტროდან გავიგე, რომ ბინები უკვე გაუნაწილებიათ და მე ისე დამტოვეს.

წერილი, რომელიც ინეზა გიგანმა სამინისტროს და ასევე სხვებს გაუგზავნა, სწორედ იმ საღამოს დაწერა, როცა ბინის განაწილების შესახებ საინფორმაციო საშუალებებისგან გაიგო. ის, როგორც წერილში წერდა, მეორე დღეს სამინისტროში ვერ მივიდა. იმიტომ, რომ ბავშვი ისევ ცუდად გაუხდა. კრუნჩხვებში ჩავარდა.

"ინვალიდი ბავშვის დედა ისევ ქუჩაში დამტოვეს. დაავადებას ვერ ვუმკლავდებით... " - ისევ ინეზა გიგანი.

--------------------------------------------------

"ვერ დგება, ვერ ჭამს, ვერც ლაპარაკობს"

----------------------------------------------------

ლუკას, თავზე პირველი ოპერაცია თვენახევრისას ასაკში ჩაუტარდა. ამონარიდი ექიმების დასკვნიდან: "1,5 თვის ასაკში ჩაუტარდა პარკუჭოვანი სისტემის გარეშუნტირება ვენტრიკულიტის გამო მარცხენა მხარეს. სამი თვის ასაკში vps მარჯვენა მხარეს. ხოლო 13.01.11 წ. შუნტის ინევიზი, კუროპე ნიტანეალური შუნტირება კისტის გამო. ნეიროსონოსკოპოოს კვლებით ვლინდება წარმონაქმნი მარჯვენა პარკუჭი 32-33 მმ. მიზანშეწონილია მეთვალყურეობა დიმანიკაში...."

გადატანილი დაავადებები: "ახალშობილთა სეფსისი, ვენტინიკულიტი, ჭიპლარის თანდაყოლილი თიაქარი..." "...ფსიქო-მოტორულ განვითარებაში ჩამორჩენა. 3 კვირის ასაკში მენინგიტი..." "..."დაიბადა გასტროშიზისით, ჩაუტარდა ნეიროქირულგიური ოპერაცია. ამის შემდეგ ბავშვს 5-ჯერ ჩაუტარდა ნეიროქირულგიული ოპერაცია..." "...

თავს ვერ იჭერს, ვერ დგება, ვერ ჭამს, ვერ ლაპარაკობს. მხედველობა დაქვეითებული აქვს..."  

  "წანწან-წანწალში ვატარებთ ცხოვრებას. სწორედ არაადამიანური პირობებიდან გამომდინარე დასჭირდა ამდენი ოპერაცია. სამწლინახევრის ბავშვს მთელი დღე წოლა უწევს, "კალიასკაც" კი არ მაქვს... ინჰალატორიც გვჭირდება, სუნთქვის პრობლემებიც დაგვემატა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს" - ამბობს რესპონდენტი.

"ჟურნალისტი": როგორც სოციალურად დაუცველს, პოლისი არ გეხმარებათ?

ი.გ. პოლისით გავიკეთეთ 12-ჯერ ოპერაცია. ჩვენი შესაძლებლობებით ერთ ოპერაციასაც ვერ დავაფინანსებდით. მაგრამ, ამას გარდა ძალიან ბერი რამ გვჭირდება. ფაქტიურად საავადმყოფოში გავიზარდეთ. ბავშვს რეაბილიტაცია სჭირდება, მაგრამ უფინანსობის გამო ვერ ვიწყებთ, უმოძრაობის გამო კუჭნაწლავის პრობლემებიც დაგვემეტა, მაგრამ ვერ ვმკურნალობთ.

"ჟურნალისტი": ბავშვს 12 ოპერაცია რატომ დასჭირდა, პრობლემებით დაიბადა?

ი.გ. ბავშვი გასტროშიზისით (ღია მუცლით) დაიბადა. ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. პირველი ოპერაცია დაბადებიდან ერთ საათში გაუკეთდა. შემდეგ, საავადმყოფოს პირობებში ახლაშობილთა სეფსისი შეხვდა, შემდეგ სტაფილოკოკი, შემდეგ მენინგიტი, რომელმაც ეს დაავადება დაუტოვა.

ოჩამჩირიდან დევნილი ინეზა გიგანი, როგორც თავად ამბობს, გლდანში ქირით ცხოვრობდა, თუმცა, ქირა რომ ვერ გადაიხადა, საცხოვრებელი დაატოვებინეს. ჰყავს არადევნილი მეუღლე, რომელიც ამჟამად უმუშევარია. მათ მეორე შვილიც ჰყავთ. ბაღში ვერ დადის, რადგან გლდანიდან გამოსახლების შემდეგ ვაზიანის სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულ მშობლებს შეეკედლნენ, ამბობს, რომ ვაზიანიდან, გლდანში ბავშვის ტარება წარმოუდგენელია, ვაზიანის საბავშვი ბაღში კი ადგილები არ არის.  

"ლუკა ხელ-ფეხს ამოძრავებს, მაგრამ ვერ ჯდება, ვერ ლაპარაკობს, ვერ ღეჭავს. სულ ანტიბიოტიკებზე ვართ. 12 ოპერაციაც იმიტომ დასჭირდა, რომ პირობები არ გვაქვს. აპარატი, რაც თავში აქვს ჩადგმული, ხშირად უფუჭდება. ბავშვი ხან ცივდება, ხან ვირუსი ემართება" - ამბობს ინეზა.

-----------------------------------------

დევნილთა სამინისტროს უარის მიზეზი

----------------------------------------

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან საცხოვრებელი ბინების განაწილების პროცედურას, აღნიშნული ხდება სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად. ივსება სპეციალური ანკეტა, სადაც დევნილი აფიქსირებს ყველა ინფორმაციას, რაც მის რეალურ მდგომარეობას ასახავს. ეს ყველაფერი ფასდება ქულებით. პირველ ეტაპზე კი ის ოჯახი კმაყოფილდება, რომელიც, ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.

ინეზა გიგანის საბინაო პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროშიც გადავამოწმეთ. სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ ინეზა გიგანმა ბინის მისაღებად საჭირო პროცედურები გაიარა, შეავსო ანკეტა, მიენიჭა 7 ქულა, თუმცა ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინა მას არ გადაეცა.

"ინეზა გიგანმა საცხოვრებელი ფართის მისაღებად განაცხადი ორ შვილთან და არადევნილ მეუღლესთან ერთად გააკეთა. განაცხადი შესაბამისმა კომისიამ განიხილა და მიენიჭა 7 ქულა. სოციალურად დაუცველი -3 ქულა; შვილი ჰყავს II ჯგუფის ინვალიდი - 2 ქულა; ცხოვრობს ქირით - 1 ქულა; ხშირად იცვლის საცხოვრებელ მისამართს -1 ქულა. თემქის ობიექტზე განაცხადების განხილვისას 90 ოჯახს მიენიჭა 7 ქულა, აქედან კომისიამ   11-ი ოჯახი შეარჩია. ინეზა გიგანს არ მიენიჭა უპირატესობა, რადგან მან კომისიას შემოსავლებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ინეზა გიგანის მეუღლის მშობლებს საკუთრებაში უფიქსირდებათ, გიორგიწმინდა   აღმაშენებლის 33ა-ში, საცხოვრებელი სახლი. ინეზა გიგანის ქულათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, განაცხადში   მითითებულ მისამართზე, უკვე გაგზავნილია" - ეს გახლავთ სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია.

როგორც ინეზა გიგზანი აცხადებს, მისთვის გაუგებარია და არც არავის აუხსნია, რას ნუშნავს "ცრუ ინფორმაცია". სამინისტროში კი სიტყვიერადაც განგვიმარტეს, რომ მას ჰყავს მეუღლე, რომელსაც საკუთარებში აქვს ბინა.  

"ეს ტყუილია, ჩემს მეუღლეს არანაირი ბინა არ აქვს. თუ მამამთილს გულისხმობენ, მე და ჩემს მეუღლეს მამამთილთან ურთიერთობა არ გვაქვს. ის ფართი, რასაც სამინისტრო "ცრუ ინფორმაციას" უწოდებს არის მამამთილის, რომელიც იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, შემდეგ კი დაგირავებულია და სხვა ცხოვრობს. მას ჩემს ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე ვარ დევნილი და მაქვს ჩემი ოჯახი. თუ მამათილს რაღაც უფიქსირდება, მე და ჩემმა შვილებმა ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ და ამის გამო უნდა დავისაჯოთ? მეორეც, ჩემს მეუღლესთან ოფიციალურ ქორწილებაში არც ვარ. ტყუილები და ცრუ ინფორმაციის მიწოდება რომ მდომოდა, საერთოდ არ ჩავწერდი, რომ მყავს მეუღლე. რადგან ტყუილი გზით არ წავედი, რეალობა დავაფიქსირე და ჩემი მდგომარეობა აღვწერე, შედეგად ეს მეკუთვნის?" - კითხულობს გიგანი.

როგორც გავარკვიეთ, წლების წინ ამ ოჯახს ყოფილმა ხელისუფლებამ საცხოვრებელი ფართი გამოუყო. ისნის სამხედრო ფოსპიტალში ცხვრობდნენ. მართალია, ჰოსპიტალში ცხოვრება რამდენად შესაძლებელია და რა პირობები ჰქონდათ, ცალკე პრიბლემაა, თუმცა, მაინც კმაყოფილები იყვნენ, რომ თავშესაფარი ჰქონდათ, თუმცა, არც ამ შემთხვევაში გაუმართლათ. ჰოსპიტალში მხოლოდ 6 თვე იცხოვრეს, შემდეგ ის თავშესაფარიც წაართვეს.

"ბავშვი ცუდად გახდა და საავადმყოფოში ვიწექით 2 კვირა. მერე რეაბილიტაციისთვის მშობლებთან წავედით ცოტა ხანი, რადგან ჰოსპიტალის შენობაში ბავშვს ვერ მივხედავდი. იქ პირობები არ იყო. როცა ჰოსპიტალში დავბრუნდით, ბინაში სხვა იყოს შესახლებული, ჩვენი ნივთები კი გარეთ გამოგვიყარეს. ეს ყველაფერი იმით აგვიხსნეს, რომ იქ არ ცხოვრობდით და ესეიგი, არ გჭირდებოდათო. არ ვიცი, რა გავაკეთო, ვინც მივმართო..." - ამბობს ინეზა.

ლუკას მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია საბინაო საკითხის მოგვარებაც, რადგან ეს ორი პრობლემა ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. მას არ აქვს რეაბილიტაციისთვის საჭირო პირობები.    

როგორც ინეზა გიგზანი აცხადებს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად იცხოვრებს, სოფელზეც თანახმაა, რომ არა ერთი მიზეზი: "ლუკა ხშირად კრუნჩხვებში ვარდება. ვაზიანში, სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ორჯერ გაითიშა. ჩვენ ლილომდე მოვასწარით ჩაყვანა, სასწრაფოც ლილოს დასახლებაში მოვიდა. კლინიკასთან ვართ მიჯაჭვული. ნებისმიერ ადგილას ვიცხოვრებთ, მაგრამ ბავშვის გამო სოფელში ვერ მივდივართ. ლუკა 4 წლის ხდება და 9 კილოა."

ლუკას სამედიცინო ფურცლები, რეცეფტები, ექიმის დანიშნულებები, გამოკვლევები ათეულობით გვერდს ითვლის. ყველა ფურცელი იწყება სიტყვებით: "ჩაუტარდა...." "დაუდგინდა"... "სჭირდება"... ოჯახისთვის ყველაზე მტკივნეული კი ექიმის დასკვნის სწორედ ის ნაწილია, სადაც საუბარია რა სჭირდება ბავშვს, რადგან წინასწარ იციან, რომ ექიმის დანიშნულებას ვერ შეასრულებენ. იციან ისიც, რომ მედიკამენტებს მხოლოდ მაშინ იყიდიან, როცა საშუალება ექნებათ, ან, რამდენიმე დღის სამყოფს იყიდიან და შემდეგ მკურნალობაც შეწყვეტენ.  

აღნიშნულ ისტორიასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსაც დავუკავშირდით. როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ გვითხრა, დევნილებისთვის ბინის განაწილების მონიტორინგი გაძლიერდება: "ძალიან მძიმე ისტორიაა. სახალხო დამცველის აპარატში მსგავსი სახის განცხადებები შემოდის. ოჯახმა, კონკრეტულ ისტორიასთან დაკავშირებით წერილობით უნდა მოგვმართოს. მის საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან და რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ჩავერთვებით ოჯახის პრობლემის მოგვარებაში. სახალხო დამცველის აპარატი აპირებს, დევნილებისთვის ბინების განაწილების საკითხზე მონიტორინგი გააძლიეროს და უფრო მეტი დოზით ჩაერთოს მონიტორინგისა და სამართლიანობის კუთხით".    

 ეკა გულუა

 

 

ავტორი: . .