საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა. სერჟანტთა ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა მიულოცეს.
მოწვეული სტუმრებისთვის სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ და მსმენელებმა საჩვენებელი სამხედრო სწავლება გამართეს. საჩვენებელ წვრთნაში ძირითადი სასწავლო კურსის 55 მსმენელი მონაწილეობდა. სწავლების დროს ოცეულის დონის ქვედანაყოფმა პირობითი მოწინააღმდეგის ლოგისტიკურ კოლონაზე ჩასაფრება განახორციელა, კოლონა გაანადგურა და ავტო-ტექნიკა გაჩხრიკა.
საზეიმო ღონისძიება სერჟანტთა მომზადების ცენტრის ვერტმფრენების აეროდრომზე დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო „ღირსების მედალი“ სამ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საშტატო იარაღით ორი სამხედრო დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა უწყებრივი მედლები „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის“ სამ ოფიცერს გადასცა.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა სერჟანტთა მომზადების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა და სკოლის შესაძლებლობებს გაეცნო.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.