საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. დელეგაციის ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებაა.
შეფასების შედეგად, ნატოს ექსპერტები კონკრეტულ მოთხოვნებს განსაზღვრავენ და პროექტის წარმატებით განსახორციელებლად დეტალურ ღონისძიებებს გაწერენ. ნატოს შემფასებელთა ჯგუფს ნორვეგიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ლატვიელი, ლიტველი, დანიელი და გერმანელი ოფიცრები. პროექტის ინტენსიურ მხარდაჭერას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები.