კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრებები „დაჭრილ მეომართა თამაშები" დასრულდა. ჩემპიონატში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი მეომრებიც მონაწილეობდნენ.
გამარჯვებით დაბრუნებულ სამხედროებს აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი,
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრებმა ასპარეზობა 14 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ჩემპიონატზე ქართველმა სამხედროებმა ოთხ სახეობაში იასპარეზეს და სამ სახეობაში პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს.
პირველები იყვნენ დაშავებული ქართველი ჯარისკაცები მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდოსნობასა და პნევმატური იარაღიდან სროლაში. მშვილდით სროლაში მაიორი მალხაზ შეყილაშვილო ოქროს მედლის, ხოლო უმცროსი სერჟანტი ბახვა დარსალია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. პნევმატური იარაღიდან სროლაში კი ოქრო-ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ პირველადგილოსანი - კაპრალი ჯიმშერ ჩხენკელი და მეორე ადგილზე გასული - უმცროსი სერჟანტი დავით მახარეიშვილი. მჯდომარე ფრენბურთში გუნდური პირველი ადგილით და ოქროს მედლებით დატოვეს ქართველმა სამხედროებმა პენდელტონის ბაზა.
კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა საერთაშორისო შეჯიბრებებს ყოველწლიურად მასპინძლობს. წელს ასპარეზობა მეხუთედ გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, სროლებში, ცურვაში, მჯდომარე ფრენბურთსა და კალათბურთში ეჯიბრებოდნენ. მსგავსი შეჯიბრებები დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით იმართება.