ENG / RUS       12+

„საქართველოში წარმოების შექმნა და ამუშავება შეუძლიათ ისევ და ისევ ქართველ მეწარმეებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხელშეწყობით“

რესპოდენტის შესახებ

თურქებს 300 მილიონიანი ბაზარი აქვთ და ფულად სახსრებზე ხელი მიუწვდებათ 3-4%-ად, ქართველებს გვაქვს მხოლოდ 4 მილიონიანი ბაზარი და ბანკების საპროცენტო განაკვეთი 10-12%-ია. როგორ გვინდა რომ მათ გავუწიოთ კონკურენცია?!

ქართული ბიზნეს-გარემო არ არის განებივრებული მეწარმეთა სიმრავლით. თუმცა, მეწარმეა ის, ვინც ყოველთვის ყველაზე უკეთ გრძნობს ეკონომიკის მაჯისცემას, რეალურად ფლობს ვითარებას და ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც პრაქტიკულად სრული სიზუსტით შეუძლია გააანალიზოს და შეაფასოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები. „ბანკები და ფინანსები“ ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს ესაუბრა.

 – ბატონო ცეზარ, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ თქვენ ხშირად საუბრობდით ზეწოლისა და სხვადასხვა ბრალდებების შესახებ თქვენი მისამართით. რა სიტუაციააა ამ ეტაპზე, რა სტადიაზეა პირადად თქვენთან და თქვენთან ასოცირებულ ბიზნესებთან დაკავშირებული კონკრეტული საქმეები?

 – ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. ყადაღა მოხსნილი აქვს ყველა კომპანიას, დარჩენილია მხოლოდ ,,ბარამბო“. „ბარამბოზე“ აპელაცია მოვიგეთ და მაისში პროცესი ბოლო ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს. შესაბამისად, გარკვეული სახის პრობლემები კვლავ გრძელდება და შესაბამისად, „ბარამბოს“ განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ფერხდება.

რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას კონკრეტულად ჩვენი ჯგუფის ბიზნესებთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ზეწოლა აღარ იგრძნობა, მხოლოდ „ბარამბოსთან“ დაკავშირებული პრობლემა რჩება მოუგვარებელი.

როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს? რა პრობლემები აქვს ბიზნესს და რა საკითხებში სჭირდება ხელშეწყობა ან დახმარება? ,,ქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიზნესგარემოს კუთხით რა შეიცვალა უკეთესობისკენ და რა უარესობისკენ?

 იმ ფონზე, როდესაც ბიზნესჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანია კვლავ დაყადაღებულია ჩემი მხრიდან ბიზნეს-გარემოს შეფასება ცოტა რთულია. ამ საკითხზე უფრო ლოგიკური იქნებოდა იმ ადამიანების მოსაზრებების გაგება, ვისაც გარკვეულ საკითხებში პრობლემა არ შექმნია. ჩვენ სხვებთან შედარებით, ცნობილი ბრალდებების გამო, მეტად დავიჩაგრეთ. თუმცა, ცხადია, მაქვს საკუთარი მოსაზრება არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი უფრო თავისუფალი გახდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიზნესი კარგად ვითარდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლაა. ამ კუთხით კი, მოგეხსენაბათ, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. 20-25%-ით გაუფასურდა ლარი, რამაც დამატებითი პრობლემები შექმნა ბიზნესისთვის და რაც საკმაოდ მწვავედ აისახა საინვესტიციო გარემოზეც - ინვესტორებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. სერიოზული პრობლემები გააჩინა სავიზო პოლიტიკის გამკაცრებამაც.

 

წარმოების განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს ბანკებში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი. თუკი გადავხედავთ რეგიონის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს, დავინახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელია თურქეთი, სადაც ყველა დარგი განვითარებულია, აქვთ საკმაოდ დიდი ბაზარი, საკმაოდ იაფი ფულადი რესურსი. საქართველოში კი საკმაოდ პატარა ბაზარის ფონზე გვაქვს ძვირი ფულადი რესურსი, ამიტომაც კიდევ უფრო მეტად ჭირს წარმოების განვითარება და მითუმეტეს თურქეთის მსგავსი ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევა.

 

- როგორ აისახა ლარის გაუფასურება თქვენს ბიზნესსაქმიანობაზე და ზოგადად ბიზნესსექტორზე? თქვენი აზრით რით იყოს ეს განპირობებული და თქვენი შეფასებით ამ პროცესის გამო რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ბიზნესი?

 - ლარის გაუფასურება მძიმედ აისახა ბიზნესზე. განსაკუთრებით ადგილობრივმა წარმოებებმა მივიღეთ საკმაოდ დიდი დარტყმა, რამდენიმე მიმართულებით. თითქმის ყველა წარმოებას, კრედიტის დიდი ნაწილი გვაქვს დოლარში ან ევროში. ჩვენს ჯგუფს ჯამურად, დაახლოებით, 40 მილიონი დოლარის ექვივალენტის სესხი გვაქვს აღებული. ანუ, თავის დროზე გვქონდა დაახლოებით 70 მილიონი ლარი ვალი, ახლა კი გვაქვს 88 მილიონი ლარი - ანუ 18 მილიონი დამატებით... დამეთანხმებით, რომ ერთი ბიზნესჯგუფისთვის ეს მცირე თანხა არ არის და საკმაოდ დიდი ზარალია.

საქართველო არის მომხმარებელი ქვეყანა, შესაბამისად ძირითადად ნედლეული შემოგვაქვს უცხოეთიდან და თანხას ვიხდით დოლარში ან ევროში. გაუფასურებულმა ლარმა აქაც ზარალი მოგვაყენა. რაც შეეხება ენერგომატარებლებს, გაზი გაგვიძვირდა დაახლოებით 20-25%-ით. ანუ გამოდის საბრუნავ საშუალებებში გაგვეზარდა თანხა, წარმოება გაგვიძვირდა, ფულადი რესურსი გაგვიძვირდა და შესაბამისად, ძნელი გასაგები არ იქნება, თუ რა მძიმე ვითარებაშიც აღმოვჩნდით.

 დაახლოებით 3 ათასი ადამიანია დასაქმებული ჩვენს ჯგუფთან დაკავშირებულ კომპანიებში. აქედან, დაახლოებით ნახევარს აქვს კრედიტები. სამომხმარებლო, უძრავი ქონების შეძენის მიზნით, ავტოსესხი და ასე შემდეგ. მათგან მცირე ნაწილს ლარში აქვს სესხი, თუმცა უმეტესობის ვალდებულება დოლარშია. შესაბამისად გაგვიჩნდა პრობლემები თანამშრომლებში, რომლებიც თავიანთი ხელფასის 20%- ზოგავდნენ ყოველდღიური მოხმარებისთვის, დანარჩენი მიდიოდა ბანკების მომსახურებაში, დღეს კი აღმოაჩინეს, რომ ეს ხელფასი ბანკის სესხის დასაფარადაც აღარ ყოფნით.

 ზოგადადაც, როდესაც ქვეყანაში ინფლაციური პროცესები მიდის, ამ დროს ბიზნესი სერიოზულად ზარალდება და ეს არამარტო საქარველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეა. ჩემი აზრით, ლარის დევალვაცია გამოიწვევს მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას და საკმაოდ მძიმე წელი გვექნება.

 

- წარმოების გასავითარებლად მთავრობა სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, ესენია პროექტი ,,აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა და სხვა პროგრამები. თქვენი აზრით, საკმარისია თუ არა ეს ინიციატივები და თუ არა, მაშინ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ რეალური შედეგები დადგეს?

- წარმოების გასავითარებლად მთვრობამ ნამდვილად დაიწყო გარკვეული პროექტების გახორციელება. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, წარმოების შესაქმნელად გამოიყოფა ნახევარი მილიონიდან მაქსიმუმ 2 მილიონ ლარამდე თანხები, რაც იმდენად მცირე რესურსია, რომ წარმოუდგენელია სერიოზული წარმოების გაკეთება და განვითარება.

აუცილებელია მოიხსნას მაქსიმალური თანხის გაცემის შეზღუდვა. ბიზნესმენი არ უნდა იყოს შეზღუდული, 500 ათასიანი სესხს აიღებს და წარმოებას შექმნის, თუ 100 მილიონს. გასაცემი თანხის ოდენობა დამოკიდებული უნდა იყოს კონკრეტულ პროექტზე. ნებისმიერი გახსნილი და შემდეგ უკვე განვითარებული წარმოება ქვეყნისთვის მომგებიანია - თავად განსაჯეთ, თუკი 100 მილიონიანი პროექტი ხორციელდება, სახელმწიფო შეზღავათს აკეთებს სესხის პროცენტის ნაწილში, მაგრამ საწარმოს ამოქმედებიდან 1 წელიწადში, მხოლოდ დღგ-ს გადახდის შემდეგ უკან იბრუნებს 18 მილიონს, ჩნდება უამრავი დასაქმებული ადამიანი და ყოველწლიურად ეს საწარმო სხვადასხვა გადასახადებით, მინიმუმ, 20-25 მილიონს იხდის ბიუჯეტში.

დღეისათვის საქართველოში 3-4 მილიარდის საბალანსო ღირებულების წარმოებებია. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ლიმიტის შეზღუდვის გარეშე, ყოველწლიურად გამოყოფს 150 მლნ ლარს წარმოების შესაქმნელად გაცემული სესხის დასაფინანსებლად, მაშინ ბიზნესი ყოველწლიურად მოიტანს დაახლოებით მილიარდნახევარს და 3-4 წელიწადში ქვეყანა მიიღებს 4 მილიარდიან ახალ წარმოებებს. აქედან გამომდინარე, თუკი სახელწიფო სწორ პოლიტიკას გაატარებს იგი რამდენიმე წელიწადში მიიღებს ორჯერ უფრო ძლიერ ეკონომიკას.

თურქებს, ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს, 300 მილიონიანი ბაზარი აქვთ და ფულად სახსრებზე ხელი მიუწვდებათ 3-4%-ად. ჩვენ გვაქვს 4 მილიონიანი ბაზარი და ბანკების საპროცენტო განაკვეთები 10-12%-ია. ცალსახაა რომ ასეთი პირობებით რთულია მათთვის კონკურენციის გაწევა. თუ საქართველოშიც არ შეიქმნა ანალოგიური სიტუაცია, რა ლოგიკით უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი ან უცხოელი ინვესტორი. 1991 წლიდან რამდენი ახალი წარმოებაა სულ შექმნილი საქართველოში?! რომელმა უცხოელმა ინვესტორმა დაიწყო ,,სტარტაპიდან” და შექმნა ახალი წარმოება? - დღემდე არ ყოფილა არავინ და ასეთ ვითარებაში არც იქნება - დროა დავფიქრდეთ!

საქართველოში წარმოების შექმნა და ამუშავება შეუძლიათ ისევ და ისევ ქართველ მეწარმეებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარებით. ამავდროულად, ჩვენ როგორც თავისუფალი ბაზრის მქონე ქვეყანა, ყველა სახის პროდუქცია შემოგვაქვს უპრობლემოდ, ხოლო აქედან ნებიმიერი სახის პროდუქციის ექსპორტი დიდ პრობლემას წარმოადგენს.

საკმაოდ კარგი ინიციატივაა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, პროექტი ,,აწარმოე საქართველოშიც“, მაგრამ ამ ფინანსური შეზღუდვით, რაზეც უკვე მოგახსენეთ, მას დიდი პერსპექტივა არ აქვს და შეიძლება მხოლოდ „ცეხების“ დონეზე დავეშვათ. „ცეხი“ და მცირე საწარმო კი ქვეყანის ეკონომიკას ვერანაირ რეალურ შედეგს ვერ მოუტანს. მიმაჩნია, რომ უნდა იყოს 500 ათასიანი სესხებიც და უნდა ფინანსდებოს უფრო მასშტაბური პროექტებიც. რაც მეტი დიდი კომპანია იქნება ქვეყენაში, მით უკეთ განვითარდება მცირე წარმოება და შესაბამისად ეკონომიკა.

- ლუდზე აქციზი იზრდება, რას იტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით, რა ზეგავლენას მოახდენს იგი ლუდის ბაზარზე და როგორ იმოქმედებს ფასზე?

ცალკე აღებული აქციზის ნაწილში, ეს არის 20 თეთრი, მაგრამ ამას უნდა დავუმატოდ დღგ-ც, რაც ერიცხება აქციზის მოცემულ განაკვეთს, ამას უნდა დავუმატოთ ფულადი რესურსის პროცენტიც, რომელიც მოზიდული გვაქვს. ასევე უნდა დავუმატოთ პროდუქციის დისტრიბუციის ხარჯი რაც მთლიანობაში უკვე 32-33 თეთრს შეადგენს, რასაც წარმოება თავის თავზე ვერ აიღებს და ბუნებრივია გაიზრდება ფასი პროდუქციაზე, რაც თავის მხრივს იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას და შესაბამისად, მცირდება მოთხოვნაც.

საკმაოდ მძიმე ფონი შეიქმნა ლუდის ინდუსტრიაში, საინვესტიციოდაც უინტერესო გახდა, იმიტომ, რომ საგრძნობლად გაიზარდა აქციზის განაკვეთი. ანალოგიური პროცესი იყო რუსეთშიც 2014 წელს, რამაც გამოიწვია ქარხნების მასობრივი დახურვა. როგორ   განვითარდება საქართველოში ამ მიმართულებით მოვლენები ეს უკვე სეზონის ბოლოს გამოჩნდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი უარყოფიდთად იმოქმედებს ინვესტიციებზე , სამუშაო ადგილებზე და ზოგადად ლუდის ინდუსტრია დაკარგავს თავის მიმზიდველობას.

მიუხედავად ამისა, ლუდის ბაზარზე ძლიერი კონკურენციაა. თემურ ჭყონიამ შეიძინა კომპანია ,,კასტელი“, ერთერთი ლიდერია თქვენი ყოფილი კომპანია ,,ნატახტარი“, ბაზარზე მუდმივად ჩნდება ახალი ბრენდები, მაგალითად, სულ ახლახანს გამოჩენილი ლუდი ,,34“ და ასე შემდეგ. რა უპირატესობა აქვს ,,ზედაზენსკონკურენტებთან შედარებით და როგორ აპირებთ ბაზარზე წამყვანი პოზიციების შენარჩუნებას?

ქარხნის გახსნის დღიდან ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია - ამ სტრატეგიის შედეგია, რომ ყოველწლიურად ვიზრდებით 20-30%-ით. წელს, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შეიძლება გარკვეული პროგნოზები ვერ შევასრულოთ, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, ვფიქრობთ, ზრდა მაინც იქნება.

კონკურენცია ლუდის ბაზარზე პირველ რიგში მომხმარებლისთვისაა მომგებიანი, რადგან, ყველა ვცდილობთ, ბიზნესის ნორმები არ იყოს დარღვეული და მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ. სხვაგვარად მომხმარებლის ლოიალობას ვერ მოიპოვებ. იმის მიუხედავათ, რომ ვართ კონკურენტები, პირველ რიგში ვართ ადამიანები და ერთმანეთს ვცემთ პატივს. ბიზნესი მაშინ არის კარგი, როდესაც ჯდება გარკვეულ ჩარჩოებში და არ ემსგავსება პოლიტიკას.

-ბოლო დროს თქვენ ხშირად საუბრობთ ახალი წარმოებების შექმნაზე, რაც შეესატყვისება მთავრობის გაცხადებულ კურსს იმპორტის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლების შესახებ. კერძოთ რისი ჩანაცვლება იქნებოდა ყველაზე მეტად მიზანშეწონილი?

 

- საქართველო ბუნებრივი რესურსების ჭარბი რაოდენობით არ გამოირჩევა, და შეიძლება ითქვას, რომ ღარიბებიც კი ვართ ამ მხრივ, მაგრამ მაინც არსებობს მიმართულებები, სადაც შეიძლება წარმოების განვითარება. კონკრეტულად: საქართველოს გააჩნია თიხის ჭარბი რაოდენობა, რომელიც კერამიკული საქმიანობის განვითარებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. ერთი კვადრატული კერამიკულ ნაწარმის ტრანსპორტირება თურქეთიდან ჯდება 2,2 $. აქედან გამომდინარე, როდესაც ტრანსპორტირებაში გაქვს მარჟა, ძალიან საინტერესოა ხდება მისი თვითღირებულებიდან ამოგდება. ანუ, თუ გაქვს ნედლეული და თავად დაიწყებ წარმოებას, მინიმუმ ეს ხარჯი აღარ გექნება, ანუ, გიიაფდება პროდუქცია.

ამასთან, ჩვენ გაგვაჩნია თიხის ნაირსახეობები, სილიკატური ქვიშები, გაგვაჩნია კირქვა, რომელიც გამოიყენება სამშენებლო მასალის წარმოებაში, გვაქვს ქვა, რომელიც გამოიყენება მოსაპირკეთებლად და სხვადასხვა სამუშაოებისთვის. თავის დროზე საქართველოში განვითარებული იყო კონცენტრატების წარმოება (არ ვგულისხმობ მხოლოდ ვაშლის ან ციტრუსის კონცენტრატს). ჩვენთან ძალიან ბევრი მცენარეა, რომელთა მეშვეობითაც დღესაც შესაძლებელია კონცენტრატების წარმოება. ამ დარგის ფეხზე დაყენებაც შესაძლებელია.

 

საქართველოში ასევე ხდებოდა ეთერზეთების წარმოება, რაც მოთხოვნადია ბაზარზე და საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია. დამუშავებული გვაქვს ასევე ყავის პროექტი. საქართველოში შემოდის დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ღირებულების ყავა. ამ დროს შეგვიძლია, რომ შემოვიტანოთ 5 მილიონის ნედლეული და დანარჩენი იწარმოოს ჩვენთან. საქართველოში შემოსული ყავის 80% ნაწარმოებია ევროპაში, ესენია: პოლონეთი, უკრაინა და ა.შ. რატომ არ შეიძლება მაღალი ტექნოლოგიების საშუალებით, საქართველოში ვაწარმოოთ იგი და აქედან მოხდეს გატანა.

- თუ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად რომ დაახასიათოთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პროექტი.

- მაგალითად, კერამიკული წარმოება. პროექტი სრულადაა დამუშავებული. ეს მოიცავს როგორც კერამო-გრანიტის ფილებს, ასევე კაფელ-მეტლახის წარმოებას, ეს იქნება ევროპული ხარისხის ტექნოლოგიებით დაპროექტებული წარმოება და პროდუქტი იქნება პრემიუმ ხარისხის. უცხოუელი ექსპერტებისა და ტექნოლოგების თქმით, ადგილობრივი ნედლეული ნამდვილად იძლევა საუკეთესო ხარისხის პროდუქციის წარმოების საშუალებას. რაც შეეხება ფასს, ადგილობრივი წარმოება მისი ლიბერალიზაციის საშუალებას იძლევა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი დოლარია და ვმუშაობთ კიდევ დამატებითი თანხების მოძიებაზე. თუ მეტყვით რომელიმე ქართულ ბანკს, რომელიც ამ პროექტს ლარში და ადეკვატური საპროცენტო განაკვეთით დააფინანსებს, დღესვე დავიწყებ მუშაობას. ამიტომ, ვმუშაობთ უცხოურ კომპანიებთან და საქართველოში არსებულ უცხოურ საფინანსო და საინვესტიციო ორგანიზაციებთანაც და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში დადებით პასუხს მივიღებთ. ერთადერთი, რაც გვაფერხებს, რომ დავიწყოთ ახალი წარმოება, არის ფულის სიძვირე.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

ავტორი: . .