საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით, მოლდოვას რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი დაასრულა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა საგარეო საქმეთა და ევრო-ინტეგრაციის მინისტრის მოადგილესთან ვალერიუ ჩივერისთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ალექსეი ბარბანეგრასთან გამართეს შეხვედრები.
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ქართულმა მხარემ მასპინძლებს საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის პროცესში გადადგმული წარმატებული ნაბიჯების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხებიც განიხილეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოლდოვას შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადასაც ესტუმრნენ. სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები საინჟინრო ბატალიონის შესაძლებლობებს გაეცნენ და საინჟინრო ტექნიკა, ასევე სხვადასხვა სახის თავდაცვითი საშუალებები დაათვალიერეს.
მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის პირველ დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მოლდოვას თავდაცვის მინისტრთან ვიორელ ციბოტარუსთან, ეროვნული არმიის მთავარი შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ იგორ გორგანთან, ასევე თავდაცვის სახელმწიფო მდივანთან აურელ ფონდოსთან გამართა შეხვედრები.