საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკაში იმყოფება.
ქართულ მხარეს მოლდოვას თავდაცვის მინისტრმა ვიორელ ციბოტარუმ უმასპინძლა. შეხვედრები გაიმართა თავდაცვის სახელმწიფო მდივანთან აურელ ფონდოსთან და ეროვნული არმიის მთავარი შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ იგორ გორგანთან.
შეხვედრებისას საუბარი მოლდოვასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, ასევე რეგიონალურ და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
შეხვედრების ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის 2015 წლის გეგმას.
მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა და ევრო-ინტეგრაციის მინისტრის მოადგილესთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან.