საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი 13 ქართველი სამხედრო მოსამსახურე სან-დიეგოს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება. დაჭრილი სამხედროები პროფესიონალურ მომზადებას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდის მწვრთნელთან რიჩარდ ოზბორნთან გადიან. ბრიტანელ მწვრთნელმა, რომელიც საქართველოში სპეციალურად სან-დიეგოს ჩემპიონატის წინ ჩამოვიდა, ქართველ სამხედროებს ბოლო მითითებები მისცა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ მასტერკლასს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი დაესწრნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს ქართველი სამხედროების მომზადების დონეზე, შემართებასა და სულისკვეთებაზე.
მიმდინარე წლის 1-12 მარტს აშშ-ში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სამხედროების მონაწილეობით, კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრებები „დაჭრილ მეომართა თამაშები" ("WOUNDED WORRIERS GAMES“) იმართება. ჩემპიონატში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული 10 ქვეყნის შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 350 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ნატოს არაწევრი ერთადერთი ქვეყნის - საქართველოს დაჭრილი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას.