საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ სტუმრებს 2014 წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი და მინისტრის მრჩეველი გიორგი ბეროშვილი დაესწრნენ.
გასულ წელს შესრულებულ სამუშაოებზე საუბრისას, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელობამ ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, მათ მხარდაჭერაზე, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებასა და სამხედრო სწავლებაში კიბერელემენტების ჩართვაზე გაამახვილა.
მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა თავდაცვის ატაშეების რეკომენდაციები მოისმინეს.
2015 წელს ბიუროს მიზანს კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და მათი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ბიუროს დირექტორი მიმდინარე წლის პრიორიტეტებად სტუდენტებთან კომუნიკაციასაც ასახელებს. ანდრია გოცირიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ყველა სამხედრო სწავლებაში ჩართული იქნება კიბერელემენტი.