საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დანიის სამეფოს შიდა გვარდიისა და ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ დელეგაციას დანიის სამეფოს შიდა გვარდიის პირველი რანგის კაპიტანი, ანდერს ფრისი ხელმძღვანელობდა.
ოფიცერთა დელეგაციის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარესთან საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიას, ასევე, ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ეროვნული გვარდიის სკოლის ჩამოყალიბებაში დანიისა და ესტონეთის მხარდაჭერა იყო. დელეგაციის წარმომადგენლებმა გენერალურ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან სკოლის სასწავლო პროგრამების, მეთოდოლოგიის, აღჭურვის, მატერიალური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. მათ ქართულ მხარეს დანიის სამეფოს სარეზერვო სისტემა და სკოლის მოწყობის მოდელიც გააცნეს, გამოცდილება გაუზიარეს და სკოლის ჩამოყალიბების პროცესში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები გაუწიეს.
საქართველოს ეროვნული გვარდიის სკოლის ჩამოყალიბება ეროვნული გვარდიის ბაზალეთის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე წელს იგეგმება. სკოლა ათმეთაურებსა და ოცეულის სერჟანტებს მოამზადებს. უახლოეს მომავალში პროექტის განსახორციელებლად საიმპლემენტაციო გეგმა შემუშავდება.
შეხვედრას საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.