2015 წლის იანვრში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 385 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.3% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.773 დონეზე დაფიქსირდა.
ა.წ. იანვარში კლება დაფიქსირდა როგორც წინა წლის იმავე თვესთან (12.8%-ით), ისე წინა თვესთან (15.6%-ით) შედარებით. მსგავსი კლება უჩვეულო არაა, რადგან სეზონურად იანვრის თვე ბიზნესის რეგისტრაციის ასპექტით მინიმალური აქტიურობით გამოირჩევა.
2015 წლის იანვრის თვეში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 13.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 5.1%-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებითაც: იანვრის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 15.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 28.8%-ით შემცირდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.770 და 0.874 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. იანვრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (1 823
ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 53.9%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 395 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 41.2%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.1% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე
თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 111 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 46 კოოპერატივი, 7 სააქციო
საზოგადოება და 3 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი.
მასალის გამოყენების პირობები