17 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შეხვდა. თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრ პედრო აგრამუნტს და კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე გიუნტერ შრიმერს საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. იუსტიციის მინისტრმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა, მისი მოთხოვნის საკანონმდებლო საფუძვლები, წინასწარი პატიმრობის მინიმალური და მაქსიმალური ვადები და სხვა საკითხები. შეხვედრის დიდი ნაწილი იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვას დაეთმო, რაც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით 2 წლის განმავლობაში გატარდა და მიზნად ისახავდა იმ ხარვეზების გამოსწორებას, რაც მთავრობამ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო (საპროცესო შეთანხმება, მართლმსაჯულების რეფორმა, მხარეთა თანასწორობა, პროკურატურის დეპოლიტიზაცია და მრავალი სხვა).
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს სამუშაო ვიზიტით გუშინ, 16 თებერვალს, ეწვია. მისმა წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრნენ. შეხვედრები შედგა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობასთან, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.