ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ევროკავშირი-უკრაინის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომელიც პოლონეთში, ქალაქ ლოძში მიმდინარეობს. იგი სიტყვით გამოვიდა პანელზე „უკრაინა, მოლდოვა და საქართველო - გზა ევროკავშირის წევრობისაკენ". კომიტეტის თავმჯდომარემ უკრაინის მხარდაჭერის და მისთვის თავდაცვითი მიზნებისათვის იარაღის მიწოდების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ფორუმის მონაწილეებს შეახსენა, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე, უკრაინის საკითხში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსათვის სასარგებლოა ნატოსთან თანამშრომლობის შესახებ, უელსის სამიტზე მიღებული პაკეტი. „აუცილებელია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის ნათლად დაფიქსირება, ვინაიდან ეს ძალზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების მოსახლეობისათვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და საქართველო ელის, რომ მისი შედეგი იქნება ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის დაჩქარება, ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება და უვიზო მიმოსვლის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია, შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარება ამ ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობისა და წინსვლისთვის არის მნიშვნელოვანი", - დასძინა მან.