საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ქვეითთა მომზადების ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან. დღეს, გერმანელი სტუმრები, ცენტრის მეთაურის, გენერალ იოჰანეს ჰაგემანის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლევან ღირსიაშვილსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუმრებს საქართველოს სერჟანტთა მომზადების ცენტრისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. გერმანულმა მხარემ საქართველოს მიმართ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საუბარი შეეხო ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას, რომლებიც მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარების ქვეშ ასრულებენ. შეხვედრაზე გერმანელმა გენერალმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმს ხაზი გაუსვა.
ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრაზე მხარეებმა გერმანიის ქვეითთა მომზადების ცენტრსა და საქართველოს სერჟანტთა მომზადების ცენტრს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის გეგმები დასახეს. აღსანიშნავია, რომ ჰამელბურგის ქვეითთა სკოლასა და საქართველოს სერჟანტთა მომზადების ცენტრს შორის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს 2006 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში.
დღესვე, გერმანელი სტუმრები გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ. ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მათ სერჟანტთა ცენტრის ისტორიის, სტრუქტურის, განათლების სისტემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამომავლო განვითარების გეგმა გააცნო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სერჟანტთა ცენტრის წარმომადგენლებმა გერმანელების რეკომენდაციები მოისმინეს. მოგვიანებით დელეგაციის წევრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, თეორიულ მეცადინეობასა და საცეცხლე მომზადების ჩვენებას დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდებიან. დაგეგმილია, ასევე, მათი სტუმრობა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.
მასალის გამოყენების პირობები