საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. დღეს დელეგაციის წევრები, კრიზისების მართვის დაგეგმვის დირექტორატის უფროსის, გაბორი კლოდის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თემას. მხარეებმა 2015 წლის თანამშრომლობის გეგმა განიხილეს და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან, სადაც გაბორი კლოდი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ლექციას წაიკითხავს.
მასალის გამოყენების პირობები