პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეროვნულ სირცხვილია, როცა მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელია.
,,პოლიციელი, რომელიც კრიმინალს ებრძვის, ჩვენ გვინდა, რომ იყოს განათლებული და თავისუფლების პატივისმცემელი, თავისუფლების მოყვარული ადამიანი. აი, მაშინ იქნება ის ისეთი პოლიციელი, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ და აღარ ვიხილოთ ის ეროვნული სირცხვილი, რაც გუშინ მოვისმინეთ. ძიება გრძელდება, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ეს ეროვნული სირცხვილი იქნება და არა მხოლოდ იმ ერთი ადამიანის სირცხვილი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა და პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.