ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსია ევროკომისიის, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპარლამენტის, ევროკავშირში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების იურიდიული, პოლიტიკური, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული ასპექტების განხილვა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, მოსკოვის მიერ წარმოებული დესტრუქციული პოლიტიკის, კერძოდ უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განიხილა. დავით დონდუამ რუსეთის ქმედებები შეაფასა, როგორც რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა, ოკუპაციისა და ანექსიის გზით შეაფერხოს მეზობელი ქვეყნების პროდასავლური კურსი.
გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რიგის სამიტის მნიშვნელობას. ასევე განიხილეს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ის პოზიტიური ასპექტები, რაც შეიძლება ჰქონდეს DCFTA-ისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს. შეხვედრის დასასრულს მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.