ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დღეს, ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა: „ნატოს და საქართველოს მჭიდრო და ძალიან აქტიური პარტნიორობა აკავშირებს. ნატოს წევრი ქვეყნები მზად არიან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ასევე, მის სუვერენულ უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის უსაფრთხოების ალიანსები. გასულ სამიტზე, რომელიც სექტემბერში უელსში ჩატარდა, ჩვენ დავამტკიცეთ ღონისძიებათა არსებითი პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ნატოს ძალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით. დღეს კიდევ უფრო წინ წავწევთ ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებას, რათა დავეხმაროთ საქართველოს უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და დაუახლოვდეს ნატოში გაწევრიანებას."
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანსა და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის.
მინდია ჯანელიძემ უცხოელ კოლეგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში უწყების პრიორიტეტები იქნება თავდაცვის სისტემის მართვის სრულყოფა, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას თავდაცვის პრიორიტეტებს შორის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
სხდომაზე არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს. პარტნიორმა ქვეყნებმა პაკეტის განხორციელებისთვის საჭირო არსებული რესურსები და შესაძლებლობები განიხილეს.
სხდომის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტში აღინიშნა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ალიანსმა დაგმო რუსეთის ქმედება საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
მასალის გამოყენების პირობები