ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე ვაზიანის პოლიგონზე სტუმრობით დაიწყო. ნატოელ სტუმარს პოლიგონზე თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ უმასპინძლეს.
ვაზიანის პოლიგონზე სპეციალურად ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისთვის, მხარდამჭერი ელემენტებით, ასეულის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება გაიმართა, რაც ნატოელი სტუმრისთვის პოლიგონის შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა მიზნად. წვრთნის დაწყებამდე, IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის თანაშემწემ, მაიორმა დავით პაპოშვილმა მოწვეულ სტუმარს წვრთნის მიზნისა და ამოცანების, ასევე, მონაწილე ელემენტების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა.
საჩვენებელი სწავლება თავდაცვით ოპერაციებში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და სწრაფ რეაგირებას ისახავდა მიზნად.
სწავლებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, წვრთნების მთავარი ამოცანა იყო ქართულ ქვედანაყოფებს არ დაეშვათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნა და შეტევის განვითარება სიღრმეში.
სწავლება მასშტაბური ხასიათის იყო. მასში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მექანიზირებული ბატალიონის, სამედიცინო ჯგუფის, ასევე ავიაციის, საარტილერიო, საინჟინრო და სატანკო ქვედანაყოფების 425 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. წვრთნაში ორი ერთეული Su-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ერთი ერთეული UH-1H „იროკეზი"-ს ტიპის შვეულმფრენი, ასევე IV მექანიზირებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა, მათ შორის T-72 ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ-2, ასევე თვითმავალი საარტილერიო სისტემები და I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული სისტემები იყო ჩართული.
წვრთნაში გათვალისწინებული იყო 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გამოცდილება. დღევანდელ სწავლებაში ისინი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ. სწავლებას დაესწრნენ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის საშტაბო-სამეთაურო სკოლის მსმენელებიც.
საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადაში გადაინაცვლეს. ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა ლელაძემ სტუმრებს სპორტულ დარბაზსა და ვირტუალური სიმულაციური სწავლების ცენტრში უმასპინძლა; მოგვიანებით, კი სამხედრო ნაწილში არსებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი მსუბუქი შეიარაღება და ქართული ჯარის ეკიპირება დაათვალიერებინა.