პრეზიდენტის მრჩველი კახა კოჟორიძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და პირობას დებს, რომ თუ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია მისი პიროვნების კვლევა და ეს ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება? დაანებებს პრეზიდენტის მრჩევლობას თავს და დაიწყებს საკუთარი პიროვნების კვლევას.
,,ბრიუსელში ვარ. აქ უფრო მძაფრდება ფიქრი იმაზე, რომ საქართველოს დღეს აქვს შანსი, რაზეც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში უშედეგოდ ოცნებობდნენ, ევროპული შანსი!..შევდივარ IPN-ზე, ვკითხულობ: „ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს". ტექსტში დაზუსტებაა, რომ კვლევა პიროვნებებზე იქნება... მომინდა რაღაცის დაწერა. გამახსენდა, რომ სახელმწიფო სამსახურში ვარ, ხოლო ბატონი ბიძინა არასამთავრობო ორგანიზაციაში. იქვე ისიც გამახსენდა, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან არასამთავრობოების კრიტიკა ტაბუდადებული არ არის, მაგრამ მაინც თავის შეკავება გადავწყვიტე.გავაგრძელე კითხვა. ბატონი ბიძინა საუბრობს ევროპული ტიპის საზოგადოებაზე, რომ ,,დღეის გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ დღეს" და რომ იდგება იქ სადაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ფასეული საქმის გაკეთება შეეძლება... შეიძლება ვინმემ სარკაზმად ჩამითვალოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: მე მჯერა, რომ ბატონ ბიძინას ამის გულწრფელი სურვილი აქვს.
მაგრამ მაქვს კითხვა: ნუთუ ზემოაღნიშნული ისტორიული შანსის ფონზე, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნების კვლევა და ნუთუ ეს ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება? თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ ეს ნამდვილად ასეა, ვდებ პირობას: დიდი პატივისცემის მიუხედავად, დავანებებ პრეზიდენტის მრჩევლობას თავს და დავიწყებ საკუთარი პიროვნების კვლევას, ჩემზე უკეთესად ამას მაინც ვერავინ გააკეთებს...", _აცხადებს კოჟორიძე.
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი არასამთავრობო ორგანიზაციებზე კვლევის ჩატარებას გეგმავს, რადგან ამ მიმართულებით ბევრი კითხვა არსებობს.
,,არასამთავრობოებზე ცალკე კვლევას ვაკეთებთ, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებებზე - ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე. ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. თვითონ მათზე გვაქვს კითხვები, რამდენადაც ტაბუ დაადეს რაღაც საკითხებს - არასამთავრობოებს ვერ შეეხებოდით, ასევე ცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გაგვეკრიტიკებინა", - განაცხადა ივანიშვილმა.