ENG / RUS       12+

სოლომონ პავლიაშვილი: ეს ინფლაცია კი არა, დევალვაციაა

რესპოდენტის შესახებ

რა გავლენას ახდენს ლარის კურსზე "ბენზინის მაფია"

"ნებისმიერი ინვესტიცია - "პანორამა თბილისი" იქნება, ტერმინალის, ან ჰესის მშენებლობა, თუ ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და რელიგიას არ ეხება, უნდა მივიღოთ და ინვესტიციების წარმოშობითაც არ უნდა დავინტერესდეთ... საერთოდ, ეკონომიკაში ღრმად მანამ უნდა წავიდეთ, ვიდრე ეკონომიკა პოლიტიკაში არ გადაიზრდება ანუ რამის სანაცვლოდ ეკონომიკური ურთიერთობები არ უნდა გავაღრმავოთ. აი, მაგალითად, დუბაიში მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტი და პრემიერი ვინაა, მთავარი ეკონომიკური აღმავლობაა... მოკლედ, მთავარია, ფული შემოვიდეს და დამთავრდა - მეტი არაფერია საინტერესო! ჩვენ შუაგული ლიხტენშტეინი ან შვეიცარია არ ვართ, რომ ინვესტიციები ასარჩევად გვქონდეს!.."
"ეს ინფლაცია კი არა, დევალვაციაა. ინფლაცია მაშინ იქნება, როცა სამომხმარებლო კალათის ინდექსი გაიზრდება", - ასე ეხმაურება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკის ექსპერტი, "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" რექტორი სოლომონ პავლიაშვილი ეროვნული ვალუტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. ამასთან, პავლიაშვილი ამბობს, რომ 2014 წლის დეკემბერში, ინფლაციამ 0,7 პოცენტი შეადგინა, რაც ძალიან დაბალია. "ახლა მთავარია, დევალვაცია ინფლაციაში არ გადაიზარდოს", - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი და აქცენტს ლარის გამყარების რამდენიმე "პროცედურაზე" აკეთებ
ს.

სოლომონ პავლიაშვილი: - იმპორტიორებმა დოლარი დევალვირებული ლარით უნდა იყიდონ, რითიც შემდეგ, უცხოეთში საქონელი უნდა შეიძინონ და ქვეყანაში შემოიტანონ. იმპორტიორები, ასე თუ ისე, ახერხებენ, რომ ფასები არ გაზარდონ, რადგან ისედაც მაღალი მარჟა აქვთ, ანუ უცხოეთში შესაძენ და აქ გასაყიდ ფასს შორის სხვაობა ისეც მაღალია და ამიტომ, ერთის მხრივ, კეთილ ნებას გამოხატავენ, მეორეს მხრივ კი, არ უნდათ, რომ მოსახლეობაში პანიკა ატეხონ და ბაზარი დაკარგონ.
- ბატონო სოლომონ, ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ლარი, მაქსიმუმ, 1,93 ნიშნულს არ ასცდებოდა, მაგრამ ეროვნულმა ვალუტამ ფსიქოლოგიური ზღვარი გადალახა...
- ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ხელისუფლების პოზიციაა - უნდა განმარტოს, თუ რა ღონისძიების გატარებას აპირებს, რომ ლარის დევალვაცია ინფლაციაში არ გადაიზარდოს და ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინი არ გაჩნდეს. მოსახლეობაში პანიკას სწორედ ეს მოლოდინი იწვევს. ამიტომ, ხელისუფლება ამ საკითხზე ძალიან მტკიცე და შეუვალი უნდა იყოს. როგორც ჩემთვის ცნობილია, მთავრობის ინიციატივით, თებერვლიდან ექსპორტის წახალისების სპეციალური პროგრამა ამუშავდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ რეგულაციებმა, რომლებიც მიგრაციასთან დაკავშირებით არსებობს, ხელი ტურიზმის განვითარებას არ შეუშალოს და, შესაბამისად, ქვეყანაში ფულის შემოსვლა არ შეფერხდეს. ყველაფერ ამის ფონზე კი, უმნიშვნელოა, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ეროვნული ბანკი.
ისე, იმის თქმა, რომ ეროვნულ ბანკს სწორი პოზიცია უკავია, სწორი არაა.
- რატომ?
- 2013-2014 წლებში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 775 მილიონი დოლარი შეისყიდა, 520 მილიონი კი გაყიდა, ანუ ბაზიდან, დაახლოებით, 260 მილიონი დოლარი ამოიღო, რამაც რეზერვები კი შეავსო, მაგრამ ხელი ლარის დევალვაციას შეუწყო და, გარკვეულად, დოლარის დეფიციტიც შექმნა.
- იმის თქმა გინდათ, რომ ეროვნულმა ბანკმა დოლარის დეფიციტი ხელოვნურად შექმნა?
- დიახ...
- ეს კარგია თუ ცუდი?
- რეზერვების გაზრდა, ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, ეროვნულ ბანკს უნდა ეფიქრა, რომ ყველაფერ ამას გავლენა შესაძლოა, ლარის კურსზე მოეხდინა. მოკლედ, ეროვნულ ბანკს ოქროს შუალედი უნდა დაეჭირა.
- რატომ არ დაიჭირა?
- ამის დანამდვილებით თქმა არ შემიძლია, მაგრამ საქმე ალბათ, მართვის პრობლემებსა და არაპროფესიონალიზმთან გვაქვს. საერთოდ, ლარის დევალვაციის მიზეზები კომპლექსურად უნდა განვიხილოთ და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს ექსპორტი 2 პროცენტით შემცირდა, იმპორტი კი, 7 პროცენტით გაიზარდა. იმპორტის გაზრდა, თავისთავად, დოლარის გადინების წახალისებას იწვევს.
- ექსპორტი რატომ შემცირდა?
- ეს წარმოების პრობლემაა...
ლარის კურსზე გავლენას ისიც ახენს, რომ ცეკვა-თამაშებს და კულტურულ ღონისძიებებს ისევ ბიუჯეტიდან აფინანსებენ. ვაუჩერებსაც ისევ არიგებენ. არადა, არ შეიძლება, ბიუჯეტი მთლიანად სოციალურ პროგრამად და კერძო სექტორების წახალისებად იყოს გადაქცეული. ზემოხსენებულ ღონისძიებებს სახელმწიფო მხოლოდ რადიკალურ შემთხვევებში უნდა ანხორციელებდეს და თუკი ყველაფერ ამას სისტემატური ხასიათი აქვს, ეროვნული ვალუტის დევალვაციურ და შემდეგ, ინფლაციურ პროცესებამდე მივყავართ... სხვათა შორის, 2014 წლის მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 9 პროცენტია, რაც ძალიან ცოტაა და იმის შედეგია, რომ ეკონომიკაში რადიკალური ცვლილებები არ ხორციელდება... ერთი სიტყვით, ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: დეფლაციის კი არა, ინფლაციის უნდა გვეშინოდეს. ეროვნული ბანკი დეფლაციას ეთამაშებოდა - მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და ხელი კრედიტების გაცემასაც შეუწყო: ჩემი ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კრედიტების გაცემა ლარში 60 პროცენტზე მეტით გაიზარდა, თან კრედიტები უმეტესად ლარშია გაცემული. შესაბამისად, ბაზარზე ლარის მასა გაიზარდა, რასაც დოლარის დეფიციტი მოჰყვა. აქ კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ჯერ არ მუშაობს: მსოფლიოში ნავთობის ფასი დაეცა და ბარელი უკვე 42 დოლარი ღირს. ესე იგი, ამ კუთხით იმპორტზე ნაკლები დოლარი იხარჯება, მაგრამ ამის კომპენსაცია არ ჩანს.
- ანუ, ლარზე უარყოფითად "ბენზინის მაფია" მოქმედებს?
- ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია: იმპორტისთვის იმაზე ნაკლები დოლარი გვჭირდება, ვიდრე აქამდე გვჭირდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლარის დევალვაცია მაინც ხდება და ყველაფერ ამას გლობალური პრობლემებიც ემატება - ევროპაში ევროს მიმართ ლიბერალური პოლიტიკა ხორციელდება, რასაც აშშ დოლართან მიმართებაში არ აკეთებს. შესაბამისად, დოლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარებულია. გვინდა თუ არა, სხვა ქვეყნებთან კავშირი მაინც გვაქვს, თან ჩვენი ძირითადი პარტნიორი თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანია. ჩვენს ეკონომიკაზე გავლენას სომხეთში მიმდინარე პროცესებიც ახდენს... ინვესტორები ყურადღებას ოპოზიციონერთა იმ განცხადებებსაც აქცევენ, რომელთაც უცხოეთში აკეთებენ, ანუ როცა ქვეყნის შიდა პოლიტიკური თამაშები გარეთ გადის, ეს ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს.
- ბატონო სოლომონ, თქვენი ინფორმაციით, ბოლო ორ წელში, ქვეყანაში რა რაოდენობის ინვესტიცია შემოვიდა?
- მაგალითად, 2014 წელს ქვეყანაში მილიარდამდე ინვესტიცია შემოვიდა, რაც ცოტა ნამდვილად არაა, თუმცა ისეთი წლებიც გვახსოვს, მაგალითად, 2007 წელი, როცა ინვესტიციამ 2 მილიარდი შეადგინა. ასეა თუ ისე, მგონია, რომ ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის კორდინაცია სუსტია...
- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ "პანორამა თბილისი" ჩვენს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს. ასე რატომ ფიქრობთ?
- ნებისმიერი ინვესტიცია - "პანორამა თბილისი" იქნება, ტერმინალის, ან ჰესის მშენებლობა, თუ ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და რელიგიას არ ეხება, უნდა მივიღოთ და ინვესტიციების წარმოშობითაც არ უნდა დავინტერესდეთ... საერთოდ, ეკონომიკაში ღრმად მანამ უნდა წავიდეთ, ვიდრე ეკონომიკა პოლიტიკაში არ გადაიზრდება ანუ რამის სანაცვლოდ ეკონომიკური ურთიერთობები არ უნდა გავაღრმავოთ. აი, მაგალითად, დუბაიში მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტი და პრემიერი ვინაა, მთავარი ეკონომიკური აღმავლობაა... მოკლედ, მთავარია, ფული შემოვიდეს და დამთავრდა - მეტი არაფერია საინტერესო! ჩვენ შუაგული ლიხტენშტეინი ან შვეიცარია არ ვართ, რომ ინვესტიციები ასარჩევად გვქონდეს!..
წეღან რეგულაციები ვახსენე და გამართლებულად არც მიწაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება, აქციზის გაზრდა და ეკონომიკური ამნისტია მიმაჩნია. ე.წ. სახელმწიფო შპს-ების შექმნაც არასწორი ტენდენციაა, რაც რუსულ ეკონომიკურ პოლიტიკას ჰგავს და სახელმწიფოს მართვის სისუსტეზე მიანიშნებს, ოღონდ ამ პოლიტიკის გატარება ამ ხელისუფლებამ კი არა, "ნაციონალებმა" დაიწყეს და დღესაც გრძელდება. თბილისის ახალ მერს ასზე მეტი სახელმწიფო შპს დახვდა...
- სახელმწიფო შპს-ების შექმნა არასწორი რატომაა?
- იმიტომ, რომ სახელმწიფო ფულს სახელმწიფო კომპანია იყენებს და თუკი ასეა, მაშინ ამ სახელმწიფო შპს-ებს მონაწილეობა პრივატიზაციაშიც მივაღებინოთ და სახელმწიფო ობიექტები ისევ სახელმწიფომ იყიდოს. ეს შპს-ები, ერთი შეხედვით, თითქოს რაღაც ხვრელების ამოვსებას ემსახურებიან. ავიღოთ, მაგალითად, ე.წ. მექანიზაციის სერვისები, რომლებმაც თავის დროზე კარგი საქმე გააკეთეს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ ეს ცენტრები ახლა კერძო კომპანიებმა მართონ? სახელმწიფო შპს-ებში დასაქმებულები, მიუხედავად იმისა, კომპანია მომგებიანია თუ არა, სახელმწიფოს ხარჯზე, ხელფასს მაინც იღებენ, ანუ ყველა სახელმწიფო შპს დასაქმებისა და თავშესაფრის ერთგვარ საშუალებად გადაიქცა, თან აქ ხალხს კონკურსის წესით არ იღებენ - კერძო კომპანიაა და ვისაც უნდა, იმას დაასაქმებს!.. 8 წელია, ვამბობ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რაც საჭირო არაა. ეს ინსტიტუციონალური პრობლემაა და საჯარო ფუნქციები ზოგიერთ ისეთ კომპანიას აქვს დავალებული, რომელიც შეიძლება, შპს იყოს. ჯანდაცვის, ან ენერგეტიკის სამინისტროს შპს-სთან რა ხელი აქვს? წარმოიდგინეთ, როგორი ქაოსია. ამიტომ, მართვის საკითხი გადასახედია. სახელმწიფო მეწარმე და მეურნე კი არა, პოლიტიკის გამტარებელი უნდა იყოს! სხვათა შორის, ვიცი, რომ დავით ნარმანია მუნიციპალური საწარმოების ოპტიმიზაციას აპირებს. კონკურენტული გარემოს დამახინჯებაა, როცა სახელმწიფო სახელმწიფო კომპანიებს ახალისებს. მაგალითად, უმაღლესი განათლების სისტემაში არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში აფინანსებს, კერძოში კი - არა.
ერთი სიტყვით, სახელმწიფოსა და მესაკუთრის ფუნქციები უნდა გაიმიჯნოს. ის, რაც მისი საქმე არაა, სახელმწიფომ არ უნდა გააკეთოს და პირიქით. მაგალითად, წინა მთავრობა საწვავს არიგებდა, ახალი მთავრობა კი - ვაუჩერებს, მაგრამ ეს მთავრობის საქმე არაა. ხელისუფლების საქმე სულ სხვა რამეა. საერთოდ, მთავრობის ყველა წევრსა და პარლამენტარს ვურჩევ, ისეთი ინიციატივით გამოვიდეს, რომ ამით მეორე საქმე არ გააფუჭოს. მათი ზოგიერთი გადაწყვეტილება პირდაპირ სადღეგრძელოს ჰგავს.
ყოველივე ზემოთქმულის გარდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ე.წ. პარალელიზმია. ასე, მაგალითად, ეკონომიკურ საბჭოს თითქმის იგივე ფუნქციები აქვს, რაც მთავრობას და აქედან გამომდინარე, საინტერესოა, საბჭოში იდეების გენერაცია ხდება თუ არა. თუკი საბჭოს სხდომას მხოლოდ ეკონომიკური გუნდის მინისტრები, საინვესტიციო ფონდისა და რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელობა ესწრება და განხილული საკითხების მთავრობაზე რეგისტრაცია ხდება, მაშინ ეს პარალელიზმი რა საჭიროა?

სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ, სოლომონ პავლიაშვილი, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად, ირლანდიაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები მსოფლიოში ცნობილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - დუბლინის ტრინიტი კოლეჯში შეხვედრები გამართა. განიხილეს საკითხი, "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" სტუდენტების სასწავლებლად დუბლინში გამგზავრების შესახებ. სოლომონ პავლიაშვილმა მსოფლიოში უძველესი კელტების ბიბლიოთეკა მოინახულა და იმ მოლაპარაკებებსაც დაესწრო, რომლებიც დავით ნარმანიამ ირლანდიელ კოლეგებთან ე.წ. ქალაქში საცობების მოგვარებაზე გამართა.
საბა მეგრელიშვილი

ავტორი: . .