ხვალ, 15 იანვარს, ხუთშაბათს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მართავს დისკუსიას სახელწოდებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და მისი გამოწვევები საქართველოში".
დისკუსია იმართება პროექტის "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება " ფარგლებში.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციიდან აცნობეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020" მოიცავს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელებას.
დისკუსია დაეთმობა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პირველადი შედეგების საფუძველზე მისი საშუალო და მოკლევადიანი გამოწვევების განხილვას დასახელებულ სტრატეგიასთან მიმართებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო, საერთაშორისო, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სხვა სპეციალისტები.
ძირითადი მომხსენებლები იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს" დირექტორიი გაიოზ თალაკვაძე, რომლებიც შეეხებიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პირველად შედეგებს, დევი ხიჩნაშვილი, რომელიც შეაფასებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას კერძო სადაზღვევო სექტორის გადმოსახედიდან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორითენგიზ ვერულავა, რომელიც ისაუბრებს საქართველოში სოციალური დაზღვევის კონკურენტული სადაზღვევო მოდელის არსებობის პერსპექტივების შესახებ.
,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)" (https://idfi.ge/ge/strategic-plan-georgia-2020). პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.