საქართველოს თავდაცვის მინისტრი რიყის პარკში „თავისუფლების დამცველთა დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება, რომელიც საქართველოსა და ლიტვის სახელმწიფოებს, ორი ერის მეგობრობას მიეძღვნა, ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით ლიტვიდან სპეციალურად 200 მეტრიანი ეროვნული დროშა ჩამოიტანეს და რიყის პარკში გაშალეს.
ღონისძიებაზე სამხედრო კომპონენტიც იყო წარმოდგენილი. საქართველოსა და ლიტვის ეროვნული ჰიმნები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა შეასრულა.
რიყის პარკში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იონას პასლაუსკასმა და საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიმართეს. მათ ქართველი და ლიტველი ხალხის მეგობრობაზე ისაუბრეს და ყურადღება დროშის პატივისცემის ცერემონიალის საქართველოში ჩატარებაზე გაამახვილეს.
ცერემონიალზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, თბილისის მერი, დავით ნარმანია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
13 იანვარი ლიტველი ხალხისთვის, საქართველოს 9 აპრილის ანალოგია. 1991 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთებმა ვილნიუსში ლიტვის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია დაარბიეს. 12 იანვარს ღამით და 13 იანვარს საბჭოთა "ომონის" რაზმმა დაიკავა რადიო-ტელევიზიის კომიტეტის შენობა და ტელევიზიის ანძა ლიტვაში. ძალადობრივი ოპერაციის შედეგად, დაიღუპა 13 მშვიდობიანი მოქალაქე, 1000-ზე მეტი კი დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები