კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრის გედევან ფოფხაძის ინიციატივას არ იზიარებს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგილა აგულაშვილი.როგორც ჟურნალისტებთან დეპუტატი განმარტავს ნებისმიერი ჩხრეკისას სასამართლოს დადგენილება აუცილებელია და ცვლილება კანონმდებლებმა ნაჩქარევად არ უნდა მიიღონ.
,, ამ ინიციატივას ეჭვის თვალით ვუყურებ. ყველა შემთხვევაში ვფიქრობ, უმჯობესია მოტივირებული, დასაბუთებული დადგენილების არსებობა იმისთვის, რომ შემდგომში არსებობდეს ამ ქმედების გასაჩივრების ლეგიტიმური საფუძველი", _განაცხადა ჟურნალისტებთან აგულაშვილმა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის დროს სამართალდამცველებს ჩხრეკის ჩატარება ორდერის გარეშე შეეძლებათ.
ცვლილების თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ გახდება. ასეთ დროს საკმარისი იქნება გამომძიებელმა მოქალაქეს ზეპირად განუმარტოს ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების საფუძვლები.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გედევან ფოფხაძე განმარტავს, რომ ცვლილებები აუცილებელია, რათა სამართალდამცველებს ოპერატიული ღონისძიებების დროს მუშაობა გაუმარტივდეთ.
„სამართალდამცველმა გამოძიების დროს არ უნდა იფიქროს რაღაც ცნობების შედგენაზე. მან ამ დროს საქმეზე უნდა იფიქროს და საქმე დროულად გახსნას," - აცხადებს გედევან ფოფხაძე.