იტალიაში 26 წლის ქართველი ,,კანონიერი ქურდი" გიორგი ბურდული დაჭრეს. კრიმინალურ სამყაროში მას "დიდუბსკის" სახელით იცნობენ.
ქალაქ ნეაპოლში, საცხოვრებელ ბინაში კომპიუტერთან მჯდომ ბურდულს სნაიპერმა ფანჯრიდან ესროლა. ტყვია მას თავის არეში მოხვდა. დაჭრილი ამჟამად კომაში იმყოფება და ექიმები მის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებენ.
თბილისელი გიორგი ბურდული, საქართველოს სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემდეგ, გასული 2013 წლის ივნისში საბერძნეთში ,,მოინათლა."
მასთან ერთად ქურდული სამყაროს ლიდერის ხარისხში აიყვანეს კიდევ ექვსი პირი. ესენი არიან: ,,ისლამ დიდი", ,,პაატა სამტრედიისკი", ,,მამუკა ჩიჩხინა", ,,ირაკლი კემე", ,,ნოდო გლდანსკი", ზურიკო და აბე. მათი ,,ნათლიმამები" იყვნენ ვაჟა ბიგანიშვილი, ,,გია სამტრედიისკი", ,,ჩირო გალსკი" და ,,გოჯა ბაკინსკი".
ეს უკანასკნელი, ,,ნათლობის ცერემონიალიდან" ორ თვეში თურქეთის ქალაქ სტამბულში მხეცურად მოკლეს.
,,პრაიმ კრაიმის" წყაროებით, გიგა ბურდული ბოლო დროს იტალიის ქალაქ ნეაპოლში ,,კანონიერ ქურდებთან" ,,ბაქსიორა," კაკო ლანდიასა და ,,სინკარასთან" ერთად ცხოვრობდა.
მისი მკვლელობის მცდელობის ერთ-ერთ მოტივად კრიმინალურ კლანებთან კონფლიქტი სახელდება.