საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უკრაინის ომში ქართველი სამხედროების მონაწილეობის თაობაზე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება, არის პატრიოტი ადამიანების საქმე, ღარიბაშვილისგან განსხვავებით.
,,ეს ბრძოლა არ არის მისი და მისნაირების. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება, არის პატრიოტი, ღარიბაშვილისგან განსხვავებით. ყველა ტყვია მოხვედრილი უკრაინელზე, ეს არის გაციებული ტყვია, რომელიც შეიძლებოდა მომავალში მოხვედროდა ქართველს", - განაცხადა ჟურნალისტებთან აკაკი ბობოხიძემ.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ჯარისკაცების უკრაინის ომში მონაწილეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ქართველი სამხედროებისთვის, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ უკრაინის შეირაღებულ ძალებში იმსახურონ, არის სირცხვილი და ქვეყნის ღალატი.
,,რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ სპეკულაციურ განცხადებებს, ის რომ პირადად უამრავ დანაშაულში ბრალდებები ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, რომ დათმონ მათ საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს შეირაღებული ძალები და უკრაინაში წავიდნენ, რადგან იქ მაღალი ანაზღაურება ექნებათ, ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისკენ. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით", _განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ იმ ომში სადაც სახელმწიფო გადაწყვეტს.
,, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არის გაოცებული მათი გამბედაობით და სიმამაცით და მათი ერთგულებით. ამიტომ ყოფილი მთავარსარდალი არ უნდა მოეპყროს ასე დამამცირებლად ჩვენს ჯარისკაცს. ეს არის ღალატი, ეს არის მტრობა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის", _განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ქვეყნის მტერი.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა, ჩართულობა და მხარდაჭერა უკრაინისადმი შემოიფარგლება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებითა და პოლიტიკური მხარდაჭერით.