იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, უმჯობესია,სანამ არ იქნება პატივი მიგებული ჯარისკაცისთვის, თავი შევიკავოთ ყველამ ყველანაირი განცხადებებისგან.
"ვფიქრობ, როდესაც მიცვალებული და მითუმეტეს ჯარისკაცი არის ჩამოსვენებული, ყველაზე კარგი ტონია, რაც არ უნდა განცხადება იყოს საჭირო ან არ იყოს საჭირო, სანამ არ იქნება პატივი მიგებული ჯარისკაცისთვის, თავი შევიკავოთ ყველამ ყველანაირი განცხადებებისგან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა. ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მებრძოლი დაიღუპა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა.
თავდაცვის სამინისტრომ კი გამოაქვეყნა განცხადება, რომელშციც აღნიშნულია, "რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას". მოგვიანებით კი თავდაცვის სამინისტრომ აღიარა რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშვრებით გაკეთებული განცხადება იყო შეცდომა.
,,ეს იყო შეცდომა, თუმცა აქვე ვაცხადებ რომ შეცდომისგან დაზღვეული არავინ არ არის. ეს იყო შეცდომა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ შეცდომას ვხედავთ და ვაღიარებთ, ტავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა. ეს იყო შეცდომა გარკვეულ ემოციურ ფონზე. თავდაცვის მინისტრი ამ განცხადებას გამოქვეყნებამდე არ გაცნობია", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა გაკეთებული ყო სამძიმრის განცხადება და ის, რაც გამოქვეყნდა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
მინისტრის მოადგილემ არ დაასახელა კონკრეტული პირი, თუ ვინ შეადგინა ეს განცხადება.